საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ახალი ოცწლიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ხაზგასასმელია, რომ კორპორაციასა და შესაბამის მომწოდებელ კომპანიას შორის დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის  2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2026 წელს იწურება, შესაბამისად, 20-წლიანი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია  უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და ჩაანაცვლებს დამატებითი გაზის მოცულობებს, რომლებიც საჭიროა სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნული თანამშრომლობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებით არ შემოიფარგლება - ის არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების მხარდაჭერას,  როგორიცაა სამხრეთკავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.

ეკატერინე სისაური ბაქოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.