დღესდღეობით რამდენიმე პოზიტიური განვითარებაა კონკურენციის თვალსაზრისით. ერთი ცალსახად პოზიტიური განვითარებაა ის, რომ „ბაზისბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანება მიმდინარეობს, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს საბანკო ინსტიტუტს, გახდეს მეტად აქტიური, მეტად კონკურენტული, უფრო მსხვილი სესხები შესთავაზოს ჩვენს რეალურ სექტორს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას საბანკო სექტორში კონკურენციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც საფინანსო და საბანკო სექტორში კონკურენციის შესაძლო დარღვევების ფაქტებს იკვლევს.
„ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რომელიც დღეს არ შექმნილა. იცით, რომ ისტორიულად მაღალ კონცენტრირებულია ჩვენი საბანკო სისტემა, სადაც ორი წამყვანი საბანკო ინსტიტუტია, ასე ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა არ მივმართოთ იქითკენ, რომ ხელი შევუწყოთ კონკურენციას.
დღესდღეობით რამდენიმე პოზიტიური განვითარებაა ამ თვალსაზრისით. ერთი ცალსახად პოზიტიური განვითარებაა ის, რომ „ბაზისბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანება მდინარეობს, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს საბანკო ინსტიტუტს, გახდეს მეტად აქტიური, მეტად კონკურენტული, უფრო მსხვილი სესხები შესთავაზოს ჩვენს რეალურ სექტორს იმიტომ, რომ ეს პრობლემაც არის. ჩვენი რეალური ეკონომიკა სწრაფად იზრდება, გვსურს, რომ უფრო დიდი ოდენობით დაკრედიტება და ფინანსები მოიზიდოს და ბანკს უნდა შეეძლოს, რომ შედარებით მსხვილი სესხები შესთავაზოს.
ასევე, მეტი შესაძლებლობები ექნება, რომ თუნდაც სხვა ბანკებთან სინდიცირებით, უფრო მსხვილი შეთავაზებები გააკეთოს და მსხვილი სესხები გასცეს და, რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთების თვალსაზრისითაც მეტად იყოს კონკურენტული.
მეორე მიმართულება არის კანონმდებლების მხარდაჭერით საგადახდო სექტორის განვითარება. საგადახდო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ის სფეროა, სადაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები, გადახდის სერვის-პროვაიდერები კონკურირებენ ჩვენს საბანკო სისტემასთან და აქ ვეღარ ვიტყვით, რომ არის იმდენად კონცენტრირებული, როგორც ეს აქამდე იყო. საგადახდო სფერო არის ის სფერო, სადაც კონკურენცია ყველაზე სწრაფად შემოვიდა, მათ შორის, ღია ბანკინგის წესების დამკვიდრებით, ფინტეკების წახალისებითა და ა.შ.
ვფიქრობთ, რომ სწორედ აქ არის შესაძლებელი, უფრო მეტად იყოს კონკურენტული და შემცირდეს საკომისიოები. პირველ რიგში, საკომისიოებს ეხება ეს. დანარჩენს რაც შეეხება, სპეციალური განყოფილება გვაქვს ჩვენ შექმნილი, რომელიც კონკურენციის შესაძლო დარღვევების ფაქტებს იკვლევს საფინანსო სექტორში, საბანკო სექტორში და თუ კი ასეთი ფაქტი არის, ჩვენ აქტიურად ვერთვებით”, - განაცხადა ნათია თურნავამ.












