თანხის დაკისრების საქმის მოსამზადებელი სხდომა, ეპიზოდი მეათე - 22 ოქტომბერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერისა (30%) და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული დავის განხილვა მაჟორიტარი აქციონერის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" ("საქართველოს კაპიტალის" შვილობილი) წინააღმდეგ.

ნათია ჯანაშიამ ეს დავა 2024 წელს წამოიწყო. მხარეებს შორის რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.

2026 წლის 22 ოქტომბერს, მოსამართლე ზვიად ესებუამ გამართა მორიგი მოსამზადებელი სხდომა საქმეზე, სადაც “საქართველოს განათლების ჯგუფი” ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძისთვის იმ თანხების დაკისრებას ითხოვს, რომელსაც წლების განმავლობაში“ბრიტანულ-ქართული აკადემია” არ იღებდა მათიშვილების და ნათესაურად მათთან დაკავშირებული სხვა მოწაფეების სწავლის ქირისგან გათავისუფლების გამო. ასევე იმ თანხების დაკისრებას, რომელსაც“აკადემია” იხდიდა მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა და სხვა მიზნით მოგზაურობებში.

მოსამზადებელ სხდომის მოცემულ ეტაპზე დაიკითხა მოპასუხის (ნათია ჯანაშიას) მხარის მიერ გამოძახებული მოწმე, - “ბრიტანულ ქართული აკადემიის” მოქმედი მთავარი ბუღალტერი, რომელიც იმავე პოზიციაზე მუშაობდა მაშინაც, როცა „აკადემიის“ მენეჯმენტს ნათია ჯანაშია მეუღლესთან, დავით ცეცხლაძესთან ერთად განაგებდა.

ნათია ჯანაშიას ადვოკატის მხრიდან, სხდომის მიმდინარეობისას, დაისვა ბევრი კითხვა, რომელთა ძირითადი არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ მოწმეს აეხსნა სასამართლოსთვის, უგზავნიდა თუ არა იგი „აკადემიის“ მაჟორიტარ პარტნიორს ყოველთვიურ და ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებს, სადაც ჩაშლილად იქნებოდა წარმოდგენილი, თუ ვინ იყვნენ  „აკადემიის“ ბიუჯეტიდან გაწეული იმ ხარჯების ბენეფიაციარები, ვინც სადაზღვევო პროდუქტებითა და მოგზაურობისთვის საჭირო რესურსით სარგებლობდა. ასევე, კონკრეტულად რომელი მოწაფეები იყვნენ სწავლის ქირისგან სრულად, თუ ნაწილობრივ გათავისუფლებულები.

აღნიშნული ტიპის კითხვები სხვადასხვა რაკურსითა და ფორმულირებით იყო დასმული, მოწმის პასუხების შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ანგარიშებში, ასევე ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებლებში, რაც „აკადემიის“ პარტნიორებს ყოველთვიურ და ყოველწლიურ ჭრილში ეგზავნებოდათ, ყველა მონაცემი მითითებული იყო კუმულაციური (კონსოლიდირებული) ფორმატით და მათში არ ყოფილა ჩაშლილი თუ კონკრეტულად რომელი მოწაფე იყო განთავისუფლებული გადასახადისგან და ასევე ის, თუ კონკრეტულად ვინ ფინანსდებოდა და რამდენით, სადაზღვევო პოლისების შეძენისას თუ საერთაშორისო მგზავრობებისას.

მოსამზადებელი სხდომის ეს ეტაპი აღნიშნული მოწმის დაკითხვით დასრულდა. სასამართლო გადაიდო 2026 წლის 19 ნოემბრისთვის და სხდომა ასევე ნათია ჯანაშიას წარმომადგენლების მიერ გამოძახებული მოწმის - „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ფინანსური დირექტორის დაკითხვით გაგრძელდება.

არსებული ინფორმაციით, სადავო თანხის ჯამური მოცულობა 1 მილიონ 800 000 ლარს აღწევს. სარჩელით ასევე მოთხოვნილია საპროცენტო სარგებელი ამ თანხაზე. კერძოდ, უცხოურ ვალუტაში არსებულ მოთხოვნაზე წლიური 2,47%, ხოლო ეროვნულ ვალუტაში არსებულ მოთხოვნაზე წლიური 8,22%.