პენსია, ჯანმრთელობის დაზღვევა, მზარდი თანამდებობრივი სარგო თუ სპეციალური შრომითი გარანტიები - ეს იმ პრივილეგიების მცირე ჩამონათვალია, რითაც პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, კომიტეტების თავმჯდომარეები და სხვები სარგებლობენ. უკვე ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრების ხელფასები, ისე რიგი კომპენსაციების მოცულობაც.
მზარდი თანამდებობრივი სარგო
როგორც უკვე ვახსენეთ, პარლამენტის წევრების ხელფასი, ერთ-ერთია იმ სარგებელს შორის, რასაც დაკავებული თანამდებობა პარლამენტარებს ჰპირდება. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებაც, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ხელფასები იზრდება.
მაგალითისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაანგარიშების შემთხვევაში გამოდის, რომ სულ რამდენიმე თვეში პარლამენტის თავმჯდომარის ხელზე ასაღები თვიური ხელფასი 11 680 ლარი, ხოლო წლიური 140 160 ლარი იქნება. ეს კი მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2023 წელს 65 027 ლარის თანამდებობრივი სარგო აიღო. რიცხვები აჩვენებს, რომ ორ წელში თავმჯდომარის ხელფასი 75 133 ლარით გაიზრდება.
რაც შეეხება პარლამენტის წევრების თანამდებობრივ სარგოს, 2025 წლიდან საშემოსავლოს 20%-ის გამოკლებით, დეპუტატის შემოსავალი თვეში 9 344 ლარი გახდება, წლიური დარიცხული ხელზე ასაღები ხელფასი კი 112 128 ლარს გაუტოლდება.
გაზრდილი პენსიები
ყოფილი პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვისაც მოიძებნება კანონში გარანტიები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი გარანტიაა პენსია. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 460 ლარით გაიზარდა და 1000 ლარი შეადგინა, იქამდე მათი თვიური პენსია კი 560 ლარი იყო.
კომპენსაციის მიღების წესი და ოდენობა
პარლამენტის წევრები სარგებლობენ კომპენსაციითაც, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპენსაცია შეიძლება დაენიშნოს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან მინიმუმ 25 წლის შრომის სტაჟის მქონე პარლამენტის წევრს, იმ შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვის პერიოდით იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა. ცნობისთვის, კომპენსაცია მოქმედი წევრის ხელფასის მესამედს შეადგენს.
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოა პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა. დაზღვევის საკითხებზე გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციით იღებს.
გარდაცვალების ან შშმ პირად აღიარების შემთხვევაში კომპენსაცია
2025 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მისი ოჯახისთვის გადასაცემი კომპენსაციის ოდენობაც. თუ აქამდე ერთჯერადი კომპენსაცია 15 ათას ლარს შეადგენდა, აღნიშნული პერიოდიდან 20 ათასი ლარი იქნება. ამასთანავე, ბუნებრივი გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის წევრის ოჯახი ერთჯერადად 10 ათასი ლარის ნაცვლად, 15 ათას ლარს მიიღებენ. ამავე თანხას მიიღებენ პარლამენტის წევრები იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნებიან აღიარებული.
პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები
კანონის თანახმად, პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები ასე გამოყურება:
პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში მთლიანად ან 2 ნაწილად ეძლევა;
მკვეთრად გამოხატული შშმ პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური) და ენიშნება თანმხლები პირი;
პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.
ჯილდო
პარლამენტის მედლით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის თანამშრომელი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, მედლითა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესსა და ფულადი ჯილდოს ოდენობას პარლამენტის თავმჯდომარე ადგენს.
ეკონომიკური საქმიანობა
პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. ამავდროულად, პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას არ არღვევს - ასე მაგალითად, ის არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
წყარო: BPN.GE