თებერვალში, სადეპოზიტო პორტფელი 1.03 მილიარდი ლარით, 67.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც თვის ჭრილში 1.54%-ის ზრდას ნიშნავს. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე მატება 1.92% იყო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის მარტის დასაწყისისთვის საქართველოს ბანკებში არსებული დეპოზიტების სტატისტიკიდან ირკვევა.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მთლიან დეპოზიტებში ლარზე 54% მოდის, რაც თვის ჭრილში ლარიზაციის 1.41 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს.
"დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 18.46% შეადგინა. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.22 მილიარდი ლარით, ანუ 3.85%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.13%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 190.36 მილიონი ლარით, ანუ 0.54%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.09%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 54.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით).
თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.17% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.14%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.35%", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.













