"დადასტურებული ფაქტია, რომ 5 წლის განმავლობაში, ანუ მენეჯმენტ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში, ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის შრომის ანაზღაურება, რომელსაც ისინი "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მენეჯმენტში მუშაობისთვის წლიურად იღებდნენ, 1 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამ მონაცემით, ისინი საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირების 200 კაციან სიაში მყარად იკავებდნენ მოწინავე ადგილს", - განაცხადა მედიასთან საუბარში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დამფუძნებელთა შორის მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

"სადღეისოდ, შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ დამქირავებელი მხარის მიერ, კონტრაქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში,  სრულად და ჯეროვნად იყო შესრულებული დაქირავებული მხარის შრომის ანაზღაურების ვალდებულება, რის შედეგადაც,  ჯანაშია-ცეცხლაძის ოჯახურ წყვილს, აკადემიის მენეჯმენტში მუშაობისას, 5 წლის მანძილზე, ხელფასად, 5 მილიონი ლარი აქვს მიღებული.

აღნიშნულ ანაზღაურებას ნათია ჯანაშია და მისი მეუღლის ერთობლივი მენეჯმენტი აკადემიაში, როგორც სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის მართვისთვის, ისე კომპანიის, აქციონერთა შორის შეთანხმებული გეგმის თანახმად, განვითარების უზრუნველყოფისთვის იღებდა. თუმცა, ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რამდენად ჯეროვნად სრულდებოდა ეს უკანასკნელი.

ფაქტია, ლისის ახალი კამპუსების აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება, რაც მენეჯმენტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, ნათი ჯანაშიამ და მისმ მეუღლემ, „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ პარტნიორთა შორის შეთანხმებით დადგენილ ვადებში, ვერ შეძლო. ვერ შეძლო ასევე ახალი კამპუსის სრულყოფილი პროექტის შედგენა და დაბიუჯეტება, სამშენებლო ნებართვების მოპოვება და ა.შ.
როგორც იკვეთება, და ეს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიასაც აქვს დადასტურებული, ლისის კამპუსის გადახარჯვამ, ჯამში 4 მილიონ დოლარამდე შეადგინა და სწორედ ამ ფაქტზეა „საქართველოს განათლების ჯგუფის" განცხადების საფუძველზე საქმე აღძრული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ“, - ხაზი გაუსვა გიორგი კაპანაძემ.