ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 13 და 15 ივლისს, თეატრის დიდ სცენაზე ჟორჟ ბიზეს კარმენის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის იდეის ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფია გია მარღანია.
„კარმენ სუიტა” - ბალეტი ერთ მოქმედებად, რომელიც დაფუძნებულია ჟორჟ ბიზეს ცნობილი ოპერის „კარმენის“ მუსიკალურ თემებზე. კომპოზიტორმა როდიონ შედრინმა ამ ნაწარმოების უნიკალური ორკესტრირებული ვერსია შექმნა, რომელმაც ბიზეს მუსიკის სილამაზე და ემოციური სიღრმე სრულად შეინარჩუნა.
ბალეტი შეიქმნა ალბერტო ალონსოს ქორეოგრაფიით და ეფუძნება პროსპერ მერიმეს ნოველას „კარმენი“, რომელიც გვიამბობს ქალის თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ვნებასა და გარდაუვალ ტრაგედიაზე. ისტორია მოგვითხრობს ქალზე, რომლის ცეცხლოვანი ხასიათი და დამოუკიდებლობა ტრაგიკულად ეჯახება დონ ხოსეს სიყვარულს - კაცს, რომელიც კარმენის გამო ყველანაირ ზღვარს კვეთს.
გია მარღანია ქმნის ამ ამბის თანამედროვე ინტერპრეტაციას და ქართველი მსახიობების მონაწილეობით გვთავაზობს „კარმენის“ ახალ სცენურ ვერსიას. სპექტაკლში მონაწილეობენ: ანკა ვასაძე, ნიკა ნანიტაშვილი, ლუკა ჭანიშვილი, მიშა ზაქაიძე, ანა თალაკვაძე და გია მარღანია.
„ქართული კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ბაზისბანკი მეოთხე წელია მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 13 და 15 ივლისს, თეატრი კარმენის პრემიერას შესთავაზებს მაყურებელს. მოხარული ვარ, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი