ქუთაისში, იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

შეხვედრა  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა მიმართეს. 

შეხვედრას პარლამენტის დეპუტატი ზვიად შალამბერიძე დაესწრო.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის, ზურაბ გოზალიშვილის განცხადებით „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, როგორც პირველადი წარმოების, ასევე პროდუქტიის შენახვა-გადამუშავების მიმართულებით განახორციელონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინვესტიციო პროექტები.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აგრობიზნესისთვის ახალი შესაძლებლობაა, როგორც პირველადი, ასევე შენახვა-გადამუშავების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია არა მხოლოდ ის სექტორები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით აქამდეც სარგებლობდა, არამედ დამატებულია ახალი მიმართულებებიც, რაც კიდევ უფრო მეტ  საშუალებას აძლევს  აგრობიზნესს განვითარებისთვის,“- განაცხადა  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.

პროგრამის წარდგენის ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამის მიზნების, დაფინანსების პირობებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ.

პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი.

სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის  ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით სარგებლობენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50% განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%.

პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, იმპორტის ჩანაცვლებასა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად იმართება, რათა ფერმერებსა და მეწარმეებს პროგრამის შესაძლებლობებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოთ.