გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ადგილობრივ სამზარეულოსთან შეხამება იყო. დეგუსტაციას 20-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა მევენახეობის რეგიონიდან წარმოდგენილი შვიდი დასახელების ქართული ღვინო.
ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი კულინარიული ბლოგერი და კონტენტ-კრეატორი ჯელენა ლოზო (Jelena Lozo), რომლის აუდიტორია ხარისხიანი სამზარეულოთი და ღვინით დაინტერესებულ მომხმარებლებს აერთიანებს. მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის გერმანიაში, რომელიც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანია ff.k Public Relations-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.













