რადიო თავისუფლება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით 9 იანვარს წერდა იმ პირთა სიის შესახებ, რომ აშშ–ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, წერილში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, რომელთა დასანქცირებაცაა რეკომენდებული. ამ სიაში მოხვდა ირაკლი გილაურიც, რომელიც ლონდონის ბირჟაზე დალისტული სს „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორია.

კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

„სს “საქართველოს კაპიტალის“(Georgia Capital PLC) დირექტორთა საბჭოს სურს გამოეხმაუროს „რადიო თავისუფლების“ მიერ წინა კვირაში გავრცელებულ სტატიასთან დაკავშირებით წარმოშობილ კითხვებს. კერძოდ, სტატიაში ნახსენები იყო, რომ აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო ოცდახუთი სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია. მათ შორის მოხსენიებული იყო „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.  წერილი შეიცავდა მოწოდებას ამ სიაში შემავალი პირების მიმართ  გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა, დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას.

დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.

„საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ“, – ნათქვამია „საქართველოს კაპიტალის“ განცხადებაში.