ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევას და სარეკომენდაციო წინადადებებს აქვეყნებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ბიზნესისა და საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტთან და წარმოაჩენს კომპლექსური საქმის დეტალებს, რომელიც შეეხება ქ. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, შესახვევი წერეთელი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.35.27.057 ქვეშ, არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 30022.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 6971 კვ.მ, არსებული მინის ქარხნის თავდაპირველ მესაკუთრესა და კვლევის გამოქვეყნების მდგომარეობით, მოქმედ მესაკუთრეს შორის სამართლებრივი კონფლიქტის მიმდინარეობას, ნივთის ფლობის კეთილსინდისიერებას, ბიზნესის წინაშე სახელმწიფოს, ბანკის და დაინტერესებულ პირთა მიერ ერთობლივ, შეთანხმებულ თუ დამოუკიდებელ მოქმედებებს, სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსა და ფარგლებს, კანონის მოქმედებისა და სამართლიანობის პრინციპების ურთიერთქმედებას და დამდგარი შედეგების მართლზომიერებას სამართლებრივ კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შორის.

ორგანიზაციის კვლევა გადმოსცემს ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშსა (შპს „ბიზონის“ დირექტორი) და ბიზნესმენ მამუკა სხვიტარიძეს (შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ დირექტორი) შორის წარმოებული ბიზნეს-დავის სრულ ფაქტობრივ და სამართლებრივ პროცესს, რა დროსაც, ცეტრალური ადგილი უჭირავს, როგორც ს.ს. „თიბისი ბანკისა“ და 1992-2019 წლებში, ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის  ოჯახის წევრებით დაკომპლექტებულ შპს „მეგაკოს“ მოქმედებებს, ასევე 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების მმართველობითი ორგანოების უკანონო მოქმედებებს, ასევე საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, 2010-2026 წლებში.

კვლევის მიზანია, პასუხი გაეცეს კითხვებს, ჰქონდა თუ არა ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშის მიმართ უკანონო მმართველობით ღონისძიებას, რა გავლენა იქონია სახელმწიფოს მხრიდან წარმოებულმა სისხლის სამართლებრივმა მოქმედებებმა ნიაზ ხალვაშის ბიზნესსა და საქმიანობაზე, არის თუ არა ნიაზ ხალვაში სადავო უძრავი და მოძრავი ქონების, მინის ქარხნის კეთილსინდისიერი, მართლზომიერი და ნამდვილი შემძენი და მესაკუთრე, სადავო ქონებები არის თუ არა ნიაზ ხალვაშის ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან გასული, რა განსაზღვრავს ნიაზ ხალვაშის იურიდიულ ინტერესს სადავო ქონების დაბრუნებაზე, არის თუ არა ნიაზ ხალვაშის დღევანდელი მოთხოვნები დასაბუთებული, მიმდინარეობს თუ არა ნიაზ ხალვაშის ქონებრივი ინტერესების წინააღმდეგ განზრახ არასწორი წარმოდგენების შექმნა და პოლიტიკური მოსაზრებებით დათრგუნვა, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს სამართლიანობის აღდგენის საქმეზე და რამდენად პასუხობს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები, როგორც ნიაზ ხალვაშის, ასევე მამუკა სხვიტარიძის ინტერესებს.

ორგანიზაცია, შესწავლილი საქმის მასალების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ნიაზ ხალვაშის საკუთრების ხელყოფა და ბიზნესის წართმევა წარმოადგენდა სახელმწიფოს ძალმომრეობითი პოლიტიკის შედეგს და ნიაზ ხალვაშის მიმართ (და მისი ოჯახის წევრების მიმართ) განხორციელებული იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნა, რასაც მოჰყვა სახელმწიფო აპარატის მონაწილეობით, უკანონო მმართველობითი ღონისძიების გამოყენება, როგორც პიროვნული დასჯის, ასევე ბიზნესის ხელში ჩაგდებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეფერხების მიზნით. სახელმწიფოს უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ჯერ კიდევ საჯარო დისკუსიის საგანი გახდა საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშით, თუმცა მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების მოქმედების შედეგად, ნიაზ ხალვაში, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და ფიზიკური უსაფრთხოება დაეცვა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესწავლილი მასალის თანახმად, უდავოდ დგინდება, რომ ნიაზ ხალვაში და მისი თავდაპირველი კომპანია „DECO“, სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად (26 ივნისი, 2006 წ.) კანონიერად გახდა დღევანდელი მონაცემებით და განახლებული მისამართით: მდებარე: ქ. ბათუმი, აკ. შანიძის ქუჩა N16, არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 30022.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 6971 კვ.მ, ამჟამად სამ ერთეულად დაყოფილი ქონების ნამდვილი მესაკუთრე.

შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ნიაზ ხალვაშის ბიზნესისა და ქონების დასაკუთრების ავანგარდში, სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, აღმოჩნდა ს.ს. თიბისი ბანკი და ბანკთან ერთად, 1992-2019 წლებში, ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია. კერძოდ, დგინდება, რომ 2007 წლის 23 თებერვალს, ს.ს. თიბისი ბანკსა და ნიაზ ხალვაშის კომპანია „DECO”-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე თავდებობის ხელშეკრულება და ბანკის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა დღევანდელი მონაცემებით და განახლებული მისამართით: მდებარე: ქ. ბათუმი, აკ. შანიძის ქუჩა N16, არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 30022.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 6971 კვ.მ. ბანკსა და ნიაზ ხალვაშის კომპანიას შორის ერთ-ერთი ბოლო საკრედიტო ხელშეკრულებაში განხორციელებული დამატებითი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის 10 სექტემბერს, ხოლო ამ გარიგებიდან, დაახლოებით 1 თვეში, ნიაზ ხალვაშისა და მისი ბიზნესის წინააღმდეგ სახელმწიფომ წამოიწყო უკანონო დევნა - 2007 წლის 17 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება ნიაზ ხალვაშის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემაზე.

სადავო პერიოდში, ბიზნესი და ბიზნესმენი აღმოჩნდა სრულიად უმწეო და დაუცველ მდგომარეობაში - საჭირო გახდა ბიზნესის გადარჩენისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება. პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული ნიაზ ხალვაში იძულებული გახდა, ბიზნესის შესანარჩუნებლად ს.ს. თიბისი ბანკთან კვლავ გაეფორმებინა ორი ხელშეკრულება (26 დეკემბერი 2007 წელი, 15 მარტი 2008 წელი), რაც უნდა მოხმარებოდა კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების დაფარვას. დგინდება, რომ 2008-2010 წლებში, ნიაზ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების პარალელურად, ს.ს. თიბისი ბანკის მხრიდან არ მომხდარა რაიმე შეღავათის დადგენა ან ვალდებულების გადავადების უზრუნველყოფა, რათა მხარეს შესძლებოდა ვალდებულებების განხორციელება. ბანკმა დაუყოვნებლივ გადადგა ნაბიჯი ბიზნესმენის უზრუნველყოფილი ქონების დასაკუთრებისთვის. დროის მითითებულ პერიოდში, ბანკი, შემოსავლების სამსახური და აღსრულების ბიურო, სინქრონულად მოქმედებდნენ ნიაზ ხალვაში კომპანია „DECO”-ს ძვირადღირებული ქონების დასაკუთრებისთვის, სასამართლოს ფორმალური გადაწყვეტილების საფუძველზე კი, აღნიშნული რეალობად იქცა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით და გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, დაკმაყოფილდა ს.ს. თიბისი ბანკის სარჩელი და შპს „DECO“-სა და ნიაზ ხალვაშს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრათ 987360.61 ლარის გადახდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის სააღსრულებლო ბიუროს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მოთხოვნილი იქნა შპს „DECO“-ს საკუთრებაში არსებული ს/კ 22.27.02.061 ქვეშ არსებული უძრავი ქონებაზე, კერძოდ, 30022 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 6971 კვ.მ შენობა-ნაგებობზე ყადაღის წარმოშობა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ნიაზ ხალვაშის ქონება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან ნატურით გადადის ს.ს. თიბისი ბანკის საკუთრებაში (24 დეკემბერი, 2010 წელი). დგინდება, რომ ამ ფაქტიდან, დაახლოებით 4 თვეში, ნიაზ ხალვაშის ქონების დასაკუთრების ინტერესს გამოთქვამს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე და მისი კომპანია - ჯერ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“, შემდეგ ასევე შპს „ბაზალტ ტრანსი“ და შპს „ტრანსკავკასიის ენერჯი“. კერძოდ, მამუკა სხვიტარიძე განმეორებით აუქციონზე ყიდულობს შპს „ბათუმის საშენ მასალათა კომბინატის“ სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებას: ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის (ROSACOMETTA) 1 კომპლექტს (14 აპრილი, 2011 წელი). ელექტრონულ აუქციონზე ყიდულობს „DECO”-ს საკუთრებაში რიცხულ მოძრავი ნივთის - სატრანსპორტო საშუალების მკვებავს (19 მაისი, 2011 წელი), ხოლო უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება გადადის შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ მფლობელობაში (28 სექტემბერი, 2011 წელი).

დგინდება, რომ მამუკა სხვიტარიძესა და ს.ს. თიბისი ბანკს შორის ჩამოყალიბებული იქნა მჭიდრო და კომერციულად მომგებიანი თანამშრომლობა, რასაც დამატებით განსაზღვრავდა მამუკა ხაზარაძესა და მამუკა სხვიტარიძეს შორის ახლობლური ურთიერთობა. სწორედ ამ ფაქტორებით იქნა ნიაზ ხალვაშის ქონების ხელსაყრელ და გაცილებით დაბალ საბაზრო ღირებულებად (750,000 აშშ დოლარი, დღგ-ს ჩათვლით), განვადების ხელშეკრულების საფუძველზე, წინასწარ შეთანხმებული პირობებით დადებული გარიგება. ამასთან, მათი ბიზნესს-ინტერესები გამოიხატებოდა სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და კომერციულად მიმზიდველი კონტრაქტების შექმნაში. კვლევის ფარგლებში დგინდება, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახის კომპანიამ - შპს „მეგაკომ“ სწორედ ამ სანდოობისა და ინტერესების შესაბამისად გაუფორმა მამუკა სხვიტარიძის შპს „ტრანსკავკასიის კრისტალს“ 500,000 ლარის ღირებულების მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტული ობიექტის მშენებლობას - ვალდებულება ვერ შესრულდა, რაც სამართლებრივი კონფლიქტის საფუძველი გახდა - შპს „მეგაკომ“ შპს „ტრანსკავკასიის“ კრისტალს სასამართლო დავა მოუგო, გადაწყვეტილების აღსასრულებლად კი მამუკა სხვიტარიძის კომპანიის საკუთრებაში არსებული 5 უძრავი ქონების მიქცევა მოითხოვა, მათ შორის ნიაზ ხალვაშის უძრავი ქონების, რომლის დაბრუნების საკითხზეც ნიაზ ხალვაშს ინტერესი არასოდეს დაუკარგავს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ სამართალ-ურთიერთობაში, გარიგების მონაწილე ორივე სუბიქტისთვის - როგორც ს.ს. თიბისი ბანკისთვის, როგორც მეგაკოსთვის, ასევე მამუკა სხვიტარიძისა და მისი კომპანიებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ნიაზ ხალვაშის ქონების სამართლებრივი სტატუსი და მისი პირვანდელი და ნამდვილი მესაკუთრის - ნიაზ ხალვაშის ინტერესები ქონების დაბრუნების იურიდიულ ინტერესთან მიმართებით. კერძოდ, იძულებით ემიგრაციაში მყოფი ოჯახი დაუკავშირდა მამუკა სხვიტარიძეს და დაუფიქსირა პოზიცია, რომ ქონების მიმართ კვლავ არსებობდა იურიდიულ ინტერესს, პოლიტიკური ცვლილების პირობებში კი, ამ მიზნისთვის გადაიდგმებოდა სამართლებრივი ნაბიჯი. შესაბამისად, ქონების შემძენს მართებდა წინდახედულება და ვერასდროს ჩაითვლებოდა კეთილსინდისიერ მესაკუთრედ. ამასთან, საქართველოში დაბრუნებული ნიაზ ხალვაში, მონაწილე პირების მეშვეობით, იმავე პოზიციას გამოთქვამდა მამუკა სხვიტარიძესთან ურთიერთობისას.

ნიაზ ხალვაშმა აღნიშნულ საკუთრებაზე მფლობელობა დაკარგა სახელმწიფოს მიერ წარმოებული უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად, ქონება მისი მფლობელობიდან გავიდა ნების საწინააღმდეგოდ და ნების გარეშე.  მხარეს დროის არც ერთ მონაკვეთში არ დაუკარგავს ინტერესი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის (მოპოვებისა) და შესაბამისად, ფართში ბიზნესს-საქმიანობის განხორციელება-გაგრძელების მიზნებისთვის. შესაბამისად, სათანადო სამართლებრივი ვითარების შექმნისა და იურიდიული ინტერესის პირობებში, ნიაზ ხალვაშმა უკვე კომპანია „ბიზონის“ სახით, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული აუქციონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წლის 30 მარტს, ხელახლა და მეორედ შეიძინა თავისი ქონება. შესაბამისად, ნიაზ ხალვაში და მისი კომპანია აღიჭურვა ყველა იმ სამართლებრივი სიკეთით, რომელიც გამომდინარეობდა კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტიდან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 14 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უაღრესად საკამათო გადაწყვეტილებით, სასამართლო მამუკა სხვიტარიძის კომპანიას უკმაყოფილებს მოთხოვნას და ნიაზ ხალვაშის კომპანია კარგავს აუქციონის გზით შეძენილ ქონებაზე - დაბრუნებულ ბიზნესზე საკუთრების უფლებას. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია ქართულ სამართლებრივ და ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობის სისტემაში, რომელიც მნიშვნელოვან დარტყმის ქვეშ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს და სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მოტივით, იურიდიულ საფუძველს აცლის სააღსრულებლო წარმოებათა სანდოობას, საკუთრების უფლების დაცულობას, სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. სასამართლო აუქმებს ნიაზ ხალვაშის შეძენილ ქონებაზე აუქციონის შედეგებს, მაგრამ არ გამოთქვამს დასაბუთებულ პოზიციას, რა უფლებრივი მდგომარეობის წინაშე რჩება შემდგომში ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფო მისი შესაბამისი კომპეტენტური მმართველობითი რგოლით ყურადღებას დაუთმობს დავის საგანთან მიმართებით ყველა მონაწილე სუბიექტის უფლებრივ მდგომარეობას და სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მომავალი გადაწყვეტილებები შესძლებს ნიაზ ხალვაშის უფლებებში აღდგენას, ისევე, როგორც მამუკა სხვიტარიძის ქონებრივ რესტიტუციას, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესში დაშვებული შეცდომები არ უნდა გახდეს შემაფერხებელი და უკან დამხევი მექანიზმი საკუთრების უფლების დაცვის, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების ხელყოფისა და სამართლიანობის დარღვევის საფუძველი. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დღევანდელი მონაცემებით არსებული ქონების ნამდვილი მესაკუთრის ბედი კვლავ სადავო საკითხს წარმოადგენს და ცალსახად, სამართლებრივი წარსულის უგულვებელყოფა არ შეიძლება.

2013 წელს, ნიაზ ხალვაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, დაბრუნდა საქართველოში, მას მიეცა ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება, თუმც ნეგატიური შედეგები, რომელიც უკანონო მმართველობითი ღონისძიების შედეგად მას და მის ბიზნესს მიადგა, დღემდე არ არის აღმოფხვრილი - დაკარგული ქონების, შელახული საკუთრების უფლების და განცდილი ეკონომიკური ზარალის ფონზე (მიუღებელი შემოსავალი), ნიაზ ხალვაში კვლავ სახელმწიფოსგან დაზარალებულია.