კამბოჯა აპირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას ტაილანდთან კონფლიქტის მოგვარებაში გაწეული დახმარებისთვის.

ამის შესახებ Wall Street Journal-თან ინტერვიუში კამბოჯის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, სუნ ჩანთოლმა განაცხადა.

„მან (აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა) ნობელის პრემია არა მხოლოდ კამბოჯაში, არამედ სხვა რეგიონებში მუშაობისთვისაც უნდა მიიღოს“, - თქვა მან.

ჩანთოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის მონაწილეობის გარეშე ქვეყნები ძნელად თუ შეთანხმდებოდნენ კონფლიქტის დასრულებაზე.

24 ივლისის ღამეს, სადავო ტერიტორიაზე ორი ქვეყნის სახმელეთო ძალებს შორის სროლა დაიწყო. ტაილანდის ხელისუფლებამ კამბოჯა კონფლიქტის წაქეზებაში დაადანაშაულა, მოგვიანებით კი ქვეყნის საჰაერო ძალებმა მის ტერიტორიაზე სამიზნეები დაბომბეს.