განას პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტით ვაჭრობას ლეგალიზებს და რეგულაციებს ადგენს.

ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ჯონსონ ასიამაჰმა განაცხადა.

ოქტომბერში, ასიამაჰმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის შესახებ კანონმდებლობა წლის ბოლომდე იქნება მიღებული. დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით შემუშავდა, ციფრული აქტივების ბაზრისთვის ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას ისახავს მიზნად.

„ეს არ არის მხოლოდ ახალი კანონმდებლობა; ეს არის უფრო ეფექტური პოლიტიკის შემუშავების და უფრო მკაცრი ზედამხედველობის განხორციელების საფუძველი“, - ხაზგასმით აღნიშნა ასიამაჰმა.

მან აღნიშნა, რომ ადრე რეგულაციების არარსებობა მომხმარებლებს თაღლითობის, ფულის გათეთრების და სისტემური საფრთხეების რისკების წინაშე აყენებდა.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ზედამხედველობის სისტემა განაში სანდო ინვესტორებსა და ფინტექ კომპანიებს მიიზიდავს, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას.