საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით  აქტიურად უჭერს მხარს ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაციას შუა დერეფანში, - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და ლოგისტიკის ბუნებრივ ხიდად აქცევს.

როგორც ნინო ჯელაძემ ინტერვიუსას განაცხადა, მართალია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა რეალური ეკონომიკის ზრდასთან ფეხის ასაწყობად აუცილებელია ფინანსური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებაც. ამ მიზეზით, ფინანსური სერვისების უფრო ღრმა ინტეგრაცია შუა დერეფნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებლებთან რეგიონული თანამშრომლობის გზით აქტიურად უჭერს მხარს ამ დღის წესრიგს. ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია ტრანსსასაზღვრო გადახდების გაძლიერება, ფინტექ თანამშრომლობის მხარდაჭერა, მარეგულირებელი დიალოგის გაღრმავება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო კავშირების პარალელურად განვითარდეს. ამ რეგიონულ ძალისხმევას ავსებს საქართველოს შიდა ფინანსური ინფრასტრუქტურის უწყვეტი მოდერნიზაცია“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

„ქართული ბანკები ასევე ეტაპობრივად აფართოებენ თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობას და ზრდიან გეოგრაფიულ არეალს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ხელს უწყობს რეგიონულ ფინანსურ ინტეგრაციას, აუმჯობესებს ბაზრებს შორის კავშირს და ტრანსსასაზღვრო ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.

სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ ცენტრალურ ბანკებთან, მარეგულირებლებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან, რათა მხარი დაუჭიროს სტაბილური, კონკურენტუნარიანი და ინოვაციებზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს არსებობას. უფრო ფართო მიზანი ნათელია: შუა დერეფნის გასწვრივ საქონლის, მომსახურებისა და საინვესტიციო ნაკადების ზრდასთან ერთად, ფინანსური კავშირებიც პარალელურად უნდა განვითარდეს და ხელი შეუწყოს ამ დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ Central Banking-თან ინტერვიუში.