საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიცია ვალერიან გაბუნიამ დაიკავა. ახალ თანამდებობაზე მან ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე შეცვალა, რომელიც პრემიუმ საბანკო ბიზნესის მიმართულებას 2021 წლიდან ზედამხედველობდა.

ვალერიან გაბუნია საქართველოს ბანკს 2023 წელს შემოუერთდა SME ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო 2024 წლის სექტემბრიდან კი საშუალო ბიზნესს მიმართულების ხელმძღვანელი გახდა.

ვალერიანს ფინანსურ სექტორში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა “ვითიბი ბანკი საქართველოს” საცალო და SME ბიზნესს, ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო ბიზნეს მიმართულებას.

“მინდა, მივულოცო ვალერიანს დამსახურებული დაწინაურება. იგი გამოცდილი, მიზნებზე ორიენტირებული ბანკირია, რომელსაც საცალო და პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულებით არაერთ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას 2023 წლიდან შეუერთდა და საშუალო ბიზნესის სეგმენტის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას წარმატებით გაუძღვა. მჯერა, რომ ვალერიანი ახალ თანამდებობაზე ახალი ხედვების დანერგვასა და ძლიერი შედეგების მიღწევას გააგრძელებს” - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ვალერიანი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, ასევე ჩესტერის უნივერსიტეტის MBA-ს ხარისხს. ამავდროულად ის არის კოლუმბიის უნივერსიტეტის AMP პროგრამის კურსდამთავრებული.