საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 124.5 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდის მიზნით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოქტომბერში სებ-მა რეკორდული 591 მილიონი დოლარის ინტერვენციები განახორციელა, რის შედეგადაც საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

"ოქტომბერში მაღალი გაურკვევლობის ფონზე ხორციელდებოდა ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით. იმისათვის, რომ ასეთი მსხვილი ტრანზაქციები მასობრივ აჟიოტაჟში არ გადაზრდილიყო და არ მომხდარიყო ამის დომინოსავით ფართოდ გაშლა, ამ ფონზე სებ-მა განახორციელა ინტერვენციები, რისი სრული უფლებაც სებ-ს ჰქონდა.

ნოემბრიდან სიტუაცია ბაზარზე შეიცვალა და ამან მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო რეზერვების შევსება. განვაახლეთ შევსება და ნოემბრის განმავლობაში წმინდა შესყიდვამ 124.5 მილიონი დოლარი შეადგინა," - განაცხადა ნათია თურნავამ.