საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის მაისის ბოლოსათვის 58.92 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 140.41 მილიონი ლარით, ანუ 0.24%-ით მეტია.

დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.94% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 811.40 მილიონი ლარით, ანუ 2.94%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 670.99 მილიონი ლარით, ანუ 2.15%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის მაისის ბოლოსათვის 49.24 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.40 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.41% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.74%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.08% , ხოლო ევროს წილმა 18.94% შეადგინა.