დიდ დიღომში გუდვილის ჰიპერმარკეტის ადგილზე უფრო მასშტაბური სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. მიწის ნაკვეთის ფართობი 43,100 მ²-ია, სამშენებლო მოცულობა დაახლოებით: 60,000 მ², სავაჭრო სივრცე სამსართულიანი იქნება. პროექტს ახორციელებენ დეველოპერული კომპანიები: BLOX-ი, Autograph-ი და UPCO Development-ი, არქიტექტორი – "ჰაუსარტ დიზაინი".

როგორც არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, განხორციელდება გუდვილის არსებული შენობის თითქმის სრული დემონტაჟი. თუმცა "ავტოგრაფ მოლის" მშენებლობის პროცესში "გუდვილი" ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. ჰიპერმარკეტი "გუდვილი" სავაჭრო ცენტრში დარჩება და პროექტის ერთ-ერთ მთავარ მოიჯარედ მოიაზრება.

დამკვეთი შპს ავტოგრაფი მოლია - რომლის დირექტორებიც არიან: ირაკლი ჩხარტიშვილი, რომეო სარია და ალექსანდრე მაყაშვილი. წილები კი შემდეგნაირად ნაწილდება შპს სამშენებლო ინვესტიციები დიღომში 25%, შპს ბლოქსი დიდი დიღომი 25% და შპს აპკო 50%. ამ კომპანიებს წილებს ფლობენ ბიზნესმენები: არმაზ თავაძე, რომეო სარია, ალექსი მოდებაძე, ალექსანდრე წულუკიძე, ლაშა კვაჭაძე, ზვიად შანავა, დიმიტრი გოხელაშვილი.