"ასე თუ გაგრძლედა, რამდენად აზრი ექნება ელექტრომანქანის ფლობას, ეს ძნელი წარმოსადგენია"

საქართველოში ელექტრომობილების ბიზნესი ვერ ვითარდება და პოპულარობას ვერ იხვეჭს. მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. გარდა ამისა, მანქანების დამუხტვაც თანდათან ძვირდება. რაც მეტად თანამედროვეა დასამუხტი საშუალება, მომხმარებელს უფრო მაღალი ტარიფის გადახდა უწევს. აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილებით გადაადგილების ღირებულება ბენზინზე მომუშავე ავტომობილის ხარჯს გაუტოლდა. თუ ფასი არ დარეგულირდა შესაძლოა, ელექტრო ავტომობილმა ის უპრატესობა დაკარგოს, რაც მის ეკონომიურობას უკავშირდება. 

ის, რომ მანქანების დამუხტვა ძალიან ძვირია, ამაზე ევროპაშიც ხმამაღლა საუბრობენ. გერმანიაში ელექტრომობილის დამუხტვის ღირებულება ხშირად ბენზინის ფასს აღემატება, რაც „მწვანე“ ტრანსპორტზე გადასვლას საფრთხეს უქმნის.

„მწვანე“ ენერგიის მიმწოდებელი გერმანული კომპანია "ლიხტბლიკის" ცნობით, 100 კმ-ისთვის ელექტრომობილის დამუხტვის საშუალო ღირებულება ჩვეულებრივ სადგურებზე 10.45 ევრო, ხოლო მაღალსიჩქარიან სადგურებზე 12.06 ევროა მაშინ, როცა იმავე მანძილზე საჭირო 6 ლიტრი ბენზინის ფასი, დაახლოებით, 10 ევროა.

გერმანიაში დამუხტვის სადგურებზე ფასების ზრდას „მრავალი წლის განმავლობაში შეშფოთებით აკვირდებიან.“

ვითარება ამ კუთხით სახარბიელო არც ჩვენთანაა. მართალია, საქართველოში ელექტრომობილების დამუხტვა საწვავის ფასს ჯერჯერობით არ უსწრებს, მაგრამ მატების ტენდენცია თვალში საცემია. რაც მეტად გამართული და თანამედროვეა დასამუხტი აპარატები, მით მაღალია მისი ღირებულებაც. ასევე პრობლემურია ინფრასტრუქტურის საკითხიც.

ავტომობილების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველოში უფრო მეტი ელექტრომობილი უნდა დადიოდეს, ვიდრე დღეს არის, მაგრამ მის პოპულარიზაციას ხელს უშლის გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

"მართალია,  აქციზით არ იბეგრება ელექტრომობილები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. ამ ეტაპისთვის, მაინც ვერ მოხერხდა, რომ ელექტრო ავტომობილებმა ბაზარზე ფეხი მოიკიდონ. ამის ძირითადი მიზეზი ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა. დამტენები ყველგან უნდა იყოს.

რაც შეეხება ფასს, თუ ავტომობილი სახლში იტენება სხვა ტარიფი აქვს. ჩვენ ინფრასტრუქტურის პრობლემა უფრო გვაქვს. ბევრი კომპანიაა, სხვადასახვგვარი დასატენი აპარატებია. ავტომობილის მფლობელები ამ კუთხით პრობლემებს აწყდებიან. ცხადია, ეს დისკომფორტს ქმნის. ხელშეწყობა აუცილებელია. ძალიან ბევრი სწრაფი დამტენი უნდა იყოს, რომ ავტომფლობელმა სწრაფად მოახერხოს გადაადგილება. მართალია, ასეთი დამტენის შემთხვევაში მომხმარებელი გაცილებით მეტს იხდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ავტომობილები არაეკონომიურია. თუ ჩვენ ამ მანქანების პოპულარიზაციას ვეწევით და გვინდა გადავიდეთ განვითარების შემდეგ ეტაპზე, ტარიფი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიზარდოს, პირიქით, უნდა გაიაფდეს", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" დარბაისელმა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ფაქტია, ელექტრომობილების პოპულარიზება ჩვენთან მაინც ვერ ხერხდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველაზე მთავარი, რითაც ასეთი მანქანები გამოირჩევიან, ეკონომიურობაა, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ელექტრომობილების დამუხტვის ტარიფებთან დაკავშირებით სულ სხვა დამოკიდებულება აქვს კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელს ელგუჯა ჯამაგიძეს. ამჟამინდელი მდგომარეობით გამორიცხული არაა, რომ ავტომობილების დამუხტვის ფასმა თანდათან აიწიოს. რასაც ხელს უწყობს მერიის მიერ გამოცხადებული პოლიტიკაც, რომელიც სატენების კომერციული ბაზით გაცემას გულისხმობს.

,,დღეს დადგა საკითხი მერიის საკუთრებაში არსებული სატენების გასხვისებასა და კომერციული ბაზით გაცემაზე. თავისთავად, კომერციული დენი უფრო ძვირი ღირს და შესაბამისად, შესაძლებელია, რომ საწვავის ფასს არ გაუთანასწორდეს, მაგრამ მიაღწიოს იმ დონეს, რომ მომხმარებელს ინტერესი გაუწრეს. თანაც, ჩვენთან ელექტრომობილების უმეტესი ნაწილის საქართველოს ერთი საზღვრიდან, მეორემდე მიღწევის ალბათობა ნულია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ეტაპზე თითქმის არ არსებობს სრულად გამართული უნდა იყოს. გზაზეც უნდა განთავსდეს სატენები. ეს კი, მეტწილად, სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

თუ სექტორი კომერციულ საწყისებზე გადავა, მოხმარებული დენის საფასურიც გაცილებით მოიმატებს. თანაც, ელექტროენერგიის მეტ ხარჯვასთან ერთად, ტარიფიც იზრდება. 100 კვ.სთ ზემოთ დახარჯულ ენერგიაზე სხვა ფასია, 300კვ.სთ-ზე დახარჯულძთან სხვა და ა.შ.  ავტომობილის მფლობელი, რომელიც ამ ენერგიის მოხმარებას დაიწყებს და ტარიფი გაეზრდება, ესეც თავისთავად ხარჯი და დისკომფორტია.

რაც შეეხება ახალი ტიპის სატენების დანერგვას, რომელიც სწრაფად მუხტავს და აკუმულატორებს არ აფუჭებს, ეს უფრო ძვირია. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურად რაც მეტად დახვეწილი და კომფორტულია, ფასიც დიდია. ამ კრიტერიუმებს თუ დავაჯამებთ სავსებით შესაძლებელია, რომ ფასმაც აიწიოს. ყოველივე ამის შემდგომ, რამდენად აზრი ექნება ელექტრომობილის ფლობას, ეს ძნელი წარმოსადგენია", - აღნიშნა ელგუჯა ჯამაგიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე აზრით, ელექტრო ავტომობილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა  სწორად მიმართული არა. აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომელიც, ნებით თუ უნებლიეთ, მფლობელს დისკომფორტს უქმნის.

"მყიდველი რაღაცით დაინეტერესებული უნდა იყოს. ადვილი არაა გადავიდეთ ელექტრომობილებზე და აღმოჩნდეს რომ კომერციული თვალსაზრისით ღირებული არ აღმოჩნდეს. ჩვენ, ერთი მხრივ გავიძახით, რომ გარემოს ვუფრთხილდებით და მეორე მხრივ, არაფერს ვაკეთებთ ეკოლოგიური ნორმების დასაცავად. ამიტომაც პოპულარიზაცია და განვითარება ვერ მოხერხდა", - განუცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

საქართველოში სწრაფი დამუხტვის აპარატებზე 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 85 თეთრიდან 1,20 ლარამდე მერყეობს. 100 კმ-ის გასავლელად საჭირო დენის შეძენის შემთხვევაში, ელექტრომობილის მფლობელს დაახლოებით 22-24 ლარის გადახდა უწევს. ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილის ხარჯიც ამისგან თითქმის  არ განსხვავდება. მანქანას, რომელიც 100 კმ-ზე 9-10 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ამ მანძილის დასაფარად 25-28 ლარი სჭირდება.

წყარო: resonancedaily.com