საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით 25.5 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 70.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 74.2 პროცენტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცენტრალური ბანკის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 300.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული და სხვა ცვლილების გამო ვალი შესაბამისად 19.1 და 91.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ფასის და საკურსო ცვლილებების გამო, შესაბამისად 29.2 და 381.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.0 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 30.4 მლრდ ლარი, რაც მშპ-ს 32.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 822.8 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 449.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი). სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 8.6 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 36.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 38.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.7 მლრდ აშშ დოლარია (18.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 19.4 პროცენტია.