ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მცირედ გაუფასურების პროცესი მალევე შეჩერდა და დღეს ლარმა გამყარება დაიწყო. როგორც „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას ანალიტიკოსი ბაჩო ჯინჭარაძე აღნიშნავს, მცურავი კურსის პირობებში, ლარის მოკლევადიანი რყევები საგანგაშოდ არ უნდა მოვიჩნიოთ. ამის შესახებ მან  "ბანკები და ფინანსებთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებული მონეტარული პოლიტიკა, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საკითხი  ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხრიდან კონტროლზეა აყვანილი.

„ბოლო დღეებში ლარის რამდენიმე პუნქტით დევალვაცია პანიკის საფუძველს არ იძლევა. მცურავი კურსის პირობებში, ლარის მოკლევადიანი რყევები საგანგაშო არ არის. ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებული მონეტარული პოლიტიკა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხრიდან მიშვებული არ არის“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ჯინჭარაძე აფასებს სებ-ის მიდგომას რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ და მას  სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

„სებ-ის მხრიდან ლარის კურსზე თვალყურის დევნების ნათელი გამოხატულებაა მათ შორის ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ბოლო სესიაზე უცვლელად, 8%-ზე დატოვა. ამით, სებ-მა წინასაარჩევნო პერიოდში, როცა შესაძლოა სავალუტო რყევების რისკი ბუნებრივად მატულობს, ეს მომენტი მეტ-ნაკლებად დააზღვია.

ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ ფონზეც, როცა სავალუტო შემოდინების არხები, მართალია გაზრდილია (იქნება ეს ფულადი გზავნილები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თუ ექსპორტი), თუმცა არა იმ დოზით, რომ ცენტრალურმა ბანკმა, ოდნავი საჭიროების შემთხვევაშიც კი იოლად მოხსნას თავი რეზერვებს, ბაზარზე გაუშვას და ამით აქტიურად ჩაერიოს პროცესებში. თუმცა, როგორც კი ასეთი ჩარევის აუცილებელი საჭიროება დადგება, არც ამ შემთხვევაში უნდა დაახანოს ეროვნულმა ბანკმა და ლარის მკვეთრად გაუფასურების პირობებში ბაზარს საჭირო სავალუტო რესურსი უნდა მიაწოდოს. სწორედ ასეთი პროცესების სწორად და ადეკვატურად შერჩევაში ჩანს ხოლმე სებ-ის როგორც დამოკიდებულება საკითხებისადმი, ისე მენეჯმენტის პროფესიონალიზმი“, - დასძინა ანალიტიკოსმა.

„ვფიქრობ, მოკლევადიან პერიოდში, მიუხედავად პოლიტიკურად ცხელი ამინდებისა, სერიოზულ სავალუტო რყევებს არ უნდა ველოდოთ. ამ მოლოდინს მიმყარებს ისიც, რომ როგორც ავღნიშნე, ინფლაციის დაბალი დონის მიუხედავად, რომელიც აგვისტოში წლიურად 1%-ით განისაზღვრა და ეს, ერთი შეხედვით, იძლეოდა კიდეც მონეტარული პლიტიკის შერბილების საშუალებას, ეროვნულ ბანკმა, მაინც ფრთხილი პოლიტიკის გატარების გაგრძელება არჩია. ეს მიდგომა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას ნამდვილად იძლევა", - აღნიშნა აფბას ანალიტიკოსმა.