„საქართველოში ინვესტირებისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავა ვიზიტით ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებზე იმყოფება.
სებ-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო კომენტარში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად.
„დღეს ვიწყებთ ოფიციალურ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში. ჩვენი ძირითადი ამოცანაა მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრებში. ეს არის რეგულარული პლატფორმა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავარი ბანკირები, ფინანსთა მინისტრები და ასევე მთავრობის წევრები იმისთვის, რომ ისაუბრონ საერთაშორისო სავალუტო ფონთან, მსოფლიო ბანკთან მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, ორმხრივი შეხვედრები გამართონ თავის კოლეგებთან.
ჩვენთვის ეს ყოველთვის არის შესაძლებლობა ასევე, რომ შევხვდეთ საერთაშორისო ინვესტორებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ინტერესი საქართველოში ინვესტირებისადმი იზრდება და კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ის ინვესტორები, ვინც აქამდე მონაწილეობდნენ ჩვენთან მსგავს შეხვედრებში, პოტენციური სტატუსიდან გადმოვიდნენ რეალური ინვესტორების სტატუსში, ანუ დავარწმუნეთ, რომ საქართველო არის საინტერესო, მაკროეკონომიკურად სტაბილური, მუდმივად მზარდი ეკონომიკა, სადაც საკმაოდ სარფიანი და უსაფრთხოა ინვესტიციების განხორციელება და ძალიან მაღალი არის ინტერესი.
ასე რომ, გვექნება შესაძლებლობა წამყვანი ამერიკული ბანკების ორგანიზებით ინვესტორთა დიდ ჯგუფებს შევხვდეთ. აქ, როგორც მოგახსენეთ, არიან როგორც უკვე არსებული ინვესტორები, ვინც აქტიურად აბანდებენ თანხებს, მათ შორის ჩვენს სახაზინო ვალდებულებებში, კორპორატიულ ფასიან ქაღალდებში, ასევე პოტენციური ინვესტორები, ვისაც დიდი ინტერესი გააჩნია საქართველოსთან მიმართებით," - ამბობს ნათია თურნავა.