საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში“ გამართულ პანელურ დისკუსიაში. მინისტრმა ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც წინ უსწრებდა $500-მილიონიანი ევროობლიგაციების რეფინანსირებას, რაც მიმდინარე წლის იანვარში შედგა. როგორც ლაშა ხუციშვილი აღნიშნავს მყარი ფისკალური პოლიტიკა და ეკონომიკური მედეგობა არის ის ფაქტორები, რომელთა დახმარებითაც საქართველოს ეკონომიკამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საგარეო შოკებს უპასუხა.
„ჩვენ ირგვლივ არსებული და სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაცია, სამწუხაროდ, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია. მოვლენების ასეთ განვითარებას თავისი გავლენა აქვს მცირე და ღია ეკონომიკებზე. მრავალი განსხვავებული შოკის მიმართ ქართულმა ეკონომიკამ მედეგობა აჩვენა. ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ მრავალი წყაროდან მომდინარე გეოპოლიტიკური, პანდემიასთან თუ ნავთობის ფასებთან დაკავშირებული კრიზისი. თუმცა, საქართველომ ძლიერი რეფორმების დღის წესრიგის წყალობით, საკმაოდ კარგად შეძლო გამოწვევების მართვა, რაც მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. სწორედ ამის შეთავაზება შეგვიძლია მსოფლიოსთვის და ინვესტორებისთვის - ძალიან გამართული პოლიტიკით, მაკროეკონომიკური სტაბილურობითა და ძლიერი ფისკალური მაჩვენებლებით. ჩვენ მიერ წარმოებული პოლიტიკა არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანა შეძლებს ნებისმიერი სახის ეკონომიკური შოკის დაძლევას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
გამოსვლისას, იგი ასევე, შეეხო ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიის პერსპექტივას და ამ მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას.
„ფასიანი ქაღალდების ემისიის კონტექსტში სავალუტო დეკომპოზიცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამდენად, ჩვენ უფრო აქტიურები ვიქნებით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ლარსა და სხვა ვალუტაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სესიას მოდერატორობას უწევდა J.P. Morgan-ის CEEMEA რეგიონის სავალო კაპიტალის ბაზრების (DCM) დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მმართველი დირექტორი სტეფან ვაილერი.
ფინანსთა მინისტრთან ერთად, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს „თიბისი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.













