ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბანკს, რომლის შექმნაც ირაკლი კობახიძემ დააანონსა, არ ექნება ბანკის ის კლასიკური ფუნქციები, რომლებიც მას ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაუქვემდებარებს - ამის შესახებ მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, სებ-ის პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ალბათ, სახელმწიფო ბანკი არ არის სწორი დეფინიცია იმ სტრუქტურისთვის, რომლის შექმნაც არის გეგმაში. ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც კლასიკურად ბანკის ფუნქციას ასრულებს და რაიმე ფორმით იქნება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც საჭიროებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.

ეს არის კლასიკური განვითარების ინსტიტუტის მოდელი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებსაც მათ შორის, საგარეო მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ის სრულად, 100%-ით იქნება კონცენტრირებული შიდა პროექტებზე და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. ცალსახად რაც შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ეს არ იქნება სახელმწიფო ბანკი, კლასიკური გაგებით, და არ ექნება ფუნქციები, რომლებიც სებ-ის ზედამხედველობას საჭიროებს. შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, მათ შორის მოხდება არსებული ფუნქციების კონსოლიდირება და იქნება ახალი ელემენტებიც, რომლებიც, შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო იყოს ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.