აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მეშვეობით აზერბაიჯანი ენერგორესურსებს საერთაშორისო ბაზრებს აწვდის. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანი წლების განმავლობაში რჩება მრავალი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარანტად, ამ პროცესში კი საქართველოს როლი მნიშვნელოვანია.
ალიევმა აღნიშნა, რომ ამჟამად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ექსპორტზე საქართველოს გავლით 16 ქვეყანაში გადის.
„წლების განმავლობაში აზერბაიჯანი მრავალი ქვეყნისა და ერის ენერგოუსაფრთხოების საიმედო გარანტი იყო. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირის ექსპორტი 16 ქვეყანაში ხორციელდება, თუმცა ეს პროცესი სწორედ საქართველოდან და საქართველოს გავლით იწყება. საქართველო არის პირველი ქვეყანა იმ მარშრუტზე, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანი ენერგორესურსებს საერთაშორისო ბაზრებზე აწვდის.
კასპიის ზღვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. ჩვენ სწორედ ამ არსებულ ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრეთ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი წარმატებით ფუნქციონირებს. ეს ინფრასტრუქტურა სტრატეგიული მნიშვნელობისაა მრავალი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესგან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან.













