ჩვენ ჯერჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ხანგრძლივობით იქნება გამოხატული შოკი. გამომდინარე აქედან, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც, რომ მონეტარული პოლიტიკა გავამკაცროთ, თუმცა დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზოგადად, საქართველოს ცენტრალური ბანკი შოკების მიმართ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება.
„2023 და 2024 წლებში ძალიან დაბალი ინფლაცია გვქონდა. ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია კი 3%-ია. ჩვენი პროგნოზების მიხედვით, როდესაც ჩვენ მრავალ ფაქტორს ვითვალისწინებთ - ვიცოდით, რომ 2025-ში ინფლაცია გადააჭარბებდა მიზნობრივ 3%-ს, თუნდაც იმიტომ, რომ წინა წლების შესადარისი ბაზა უფრო დაბალი იყო და ზრდა გამოჩნდება. მოლოდინი გვქონდა, რომ 2025 წლის შემოდგომის შემდეგ ინფლაცია დაღმა სვლას დაიწყებდა და ეტაპობრივად დაუახლოვდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს. მოვლენები სწორედ ჩვენი პროგნოზის მიხედვით ვითარდებოდა. ოქტომბრის პიკის შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო. ეს ტენდენცია მარტის ჩათვლით გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოწვევები გამოიკვეთა. მარტშიც ინფლაცია 4.3% იყო. რა თქვა უნდა საყურადღებოა ახალი გამოწვევა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვასთან, საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე არსებულ მდგომარეობასთან. აქ არის ძალიან დიდი გაურკვევლობა, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები, თუმცა მარტის თვით, რომ ვივარაუდოთ ეს შოკი მხოლოდ ნაწილობრივ არის ასახული. ასევე, საბაზრო ინფლაცია 2.4%-ია და მიზნობრივზე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დღემდე ვახერხებთ ინფლაციური მოლოდინები მართული გვქონდეს. ეს გვეხმარება ჩვენ, რომ უფრო მედეგად შევხვდეთ ახალ გამოწვევებს და შოკებს. ზემოქმედება, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე დამოკიდებულია ამ საომარი მოქმედებების ხანგრძლივობაზე.
ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის. ჩვენ გვაქვს შიდა გათვლები, რომლიდანაც ჩვენი პოლიტიკის გადაწყვეტილებები მომდინარეობს ნავთობის სხვადასხვა ფასებთან კორელაციაში. ჩვენი პასუხი ზოგადად ინფლაციურ შოკებზე არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაბალინფლაიცური პერიოდები გვქონდა - გამომდინარე დიდი გაურკვევლობიდან რეგიონში ჩვენ ამ გამოწვევას ისედაც შედარებით გამკაცრებული პოლიტიკით შევხვდით. დღეის მდგომარეობით, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ია. ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი არის 7%“, - აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოში 2026 წლის მე-4 მუხლის კონსულტაციების მისია დაასრულა.













