ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე 2025 წლის შედეგები შეაჯამა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორს დარგის ზრდის დინამიკა, მისი შემდგომი განვითარების ხედვა, ამ მიზნით არსებული გეგმები, პროგრამები და პროექტები გააცნო. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა ტურიზმის დარგის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორთან დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში.

„ტურიზმის სექტორის განვითარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ეს არის განსაკუთრებით ინკლუზიური დარგი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მცირე და მიკრო მეწარმეობის, ასევე რეგიონების განვითარების პროცესში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და დღეს საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი ადგილი მსოფლიო რუკაზე, საერთაშორისო აღიარება, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა, მათ შორის ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მანამდე არ გვიცნობდნენ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +5.1%-ით მეტია. ასევე რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელი – 4.3 მილიონი, რაც +7.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.