ოპოზიციონერი ბიზნესმენები კი ვითარებას განგებ ამწვავებენ და მომდევნო თვეებში "შიმშილობას ელიან"

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას პოლიტიკური დაძაბულობის პირობებშიც ინარჩუნებს. ძირითადი პარამეტრები შენარჩუნებულია და ეს მოცემულობა არ იცვლება. ლარის კურსმა კი სულაც გამყარებისკენ აიღო გეზი. მიუხედავად ამისა, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის ნაწილი, ასევე ბიზნესი კრიზისზე განუწყვეტლივ საუბრობს. ანალიტიკოსები კი რეალურ მდგომარეობას განსხვავებულად აფასებენ. პროტესტი არ არის იმ მასშტაბის, რომ ეკონომიკური პროცესები დაამუხრუჭოს.

ბიზნესის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სექტორი ფაქტობრივად  მუქარაზეა გადასული. ოპოზიციურად განწყობილი ფრთა ავითარებს ნარატივს, რომ ეკონომიკა იშლება და ხალხს რამდენიმე თვეში შიმშილობა ელის. მაგალითად, "ექსპო ჯორჯიას" დირექტორმა რესან ქიქავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეკონომიკა კრიზისში შედის, პროექტები შეჩერებულია და ხალხი რამდენიმე თვეში შიმშილს დაიწყებს.

„არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, ორდენებით, ინაუგურაციებით და უაზრო კომენტარებით, მოქალაქეებისთვის ნერვების მოშლის და დაპირისპირების გარდა, სხვა ფუნქცია როგორც ჩანს აღარ გაგაჩნიათ.

ამ ვითარებაში, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დაძლევის გზებს გვთავაზობდეთ, ჯერ 20 იანვრამდე გვაცალეთო, მერე ამას "ცოტა მეტი დრო დასჭირდებაო" და ახლა “თუო”.

გაინულეთ შემოსავალი, დააყენეთ მანქანები და მოიხსენით ყველა ის პრივილეგია, რაც ისედაც გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან, 40%-იანი ხარკით გაქვთ მიღებული.

"მედგრად ვიდგებითო" როცა ამბობთ, თქვენივე მასწავლებლების ყვლეფის ხარჯზე "იდგებით მედგრად”, რომ იცოდეთ. და მართლა მედგრად დგომა რა არის, ამას რუსთაველის ხალხი გაჩვენებთ“, - დაწერა რესან ქიქავამ.

,,რეზონანსი" დაინტერესდა, რეალურად რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა, რამდენად საფუძვლიანია კრიზისთან დაკავშირებით მოსაზრება და მიმდინარე პროტესტის გავლენა ყველაზე მეტად რომელ დარგებზე აისახა. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ასეთია მომსახურების სფერო, განსაკუთრებით ტურიზმი, სადაც მოთხოვნა შემცირებულია, ასევე ინვესტიციები. თუმცა, როგორც აკადემიკოსმა აღნიშნა, სხვა ეკონომიკური პარამეტრები მწყობრშია

,,ბოლოდროინდელი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული პრობლემა არის და  ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ცალსახად თქმა იმისა, რომ კრიზისია, ეს აშკარად გადაჭარბებული ნათქვამია. რაც არ უნდა იყოს, პოლიტიკური სიტუაცია უნდა ჩაწყნარდეს, რის გარეშეც ეკონომიკური განვითარების მიღწევა და სტაბილურობის შენარჩუნება გაგვიჭირდება.

მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად ვერ შევაფასებ, მაგრამ რაც ხდება, ხელს არ უწყობს ეკონომიკის წინსვლას. ცალკეულ დარგებში შესამჩნევია ვარდნა, ეს არის ტურიზმი, სადაც აშკარად კლებაა, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის წლიური, გარკვეული პრობლემაა მოპოვებითი დარგების წარმოებაშიც. მშენებლობაში ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, რაც არის ნიშანი, რომ აუცილებელია ქვეყანა ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს და დაიწყოს განვითარება. ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად, ამიტომ უნდა დაწყნარდეს სიტუაცია", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ავთო სილაგაძემ.

რაც შეეხება სხვა პარამეტრებს, ლარის კურსი სტაბილურია და არც ფინანსურ სფეროში იკვეთება რისკი.

"მოკლევადიან პერიოდში, ლარს ცვლილება არ ელოდება გაუფასურების თვალსაზრისით, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში რიგი პარამეტრები უნდა გამოსწორდეს. რაც არ უნდა იყოს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა რაღაც ურთიერთობები უნდა აღდგეს, რომელიც ახლა გართულებულია.

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყება და კრიზისია. თუკი სტაბილურობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია სავალუტო ბაზარი და ასევე საფინანსო დარგი. ამ სექტორებში რაიმე მკვეთრი რყევა, საბედნიეროდ, არ არის. როგორ განვითარდება მოვლენები ამას ვნახავთ. მჯერა, საბოლო ჯამში, გამოჩნდება მიმართულება, საით და როგორ ვივლით, ეკონომიკური ვექტორი გამოიკვეთება", - განაცხადა აკადემიკოსმა.

მართალია, მიმდინარე პროცესების გავლენა ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ  პრობლემა დაძლევადია. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ადასტურებს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები მდგრადობას ინარჩუნებს.

,,ნოემბრის მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა 10 თვის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ზრდა. გარკვეული პრობლემა ეკონომიკაში დაკავშირებულია ნოემბერ-დეკემბერში განვითარებულ პროცესებთან და მთლიანად მისი  გავლენა იკვეთება.

მიუხედავად ყველაფრისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურია. ამ დროს გვახსოვს ოპოზიციონერი ექსპერტები როგორ ამტკიცებდნენ საპირისპიროს, განსაკუთრებით საერთაშორისო რეზერვების ხარჯვის მიზანშეწონილობის ასპეტში. ეს ფაქტორიც ზედმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა. მართალია, ამ პერიოდში სექტემბრიდან მოყოლებული სებ-მა 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა ინტერვენციებზე,  მაგრამ დღეს უკვე ყველა ვხედავთ, რომ მიდგომა სწორი აღმოჩნდა, კურსი სტაბილურია და შესაბამისად, უარყოფითი,მოლოდინის ზეგავლენაც, ფაქტობრივად, ამოწურულია.

მართალია, რომ ტურიზმმა გარკვეული შემოსავალი დაკარგა, მაგრამ დარგში კრიზისი არ არის და ნებისმიერი ასეთი შეფასება გადაჭარბებულია. ფუნდამენტური ფაქტორები ეკონომიკაში დადებითია, რასაც პოლიტიკური მდგომარეობის გავლენა არ შეხებია.

პროტესტი თუ გაგრძელდა და რადიკალური ფორმა მიიღო, ეკონომიკაზეც აისახება, მაგრამ იმას, რაც დღეს ხდება, ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებზე ზეგავლენა არ აქვს", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

წყარო: resonancedaily.com