მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ (B-READY) საქართველოს მე-3 პოზიცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და მართლაც ძლიერი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წაახალისებს მეტ ინვესტორს, რათა მათ საქართველოში ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანის გადაწყვეტილება მიიღონ, - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგში საქართველოს წარმატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ საქართველო პირველ სამეულშია სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. მსოფლიო ბანკმა აღნიშნულ საპილოტე რეიტინგში, 2024 წელს, მსოფლიოს 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც შეაფასა. „B-READY“ ახალი რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის აქამდე არსებული „Doing Business“-ის კომპლექსური რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველომ „B-READY“-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც „Doing Business“-ის რეიტინგში საქართველოს უსწრებდნენ.

„ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და მოვიზიდავთ მეტი უცხოურ ინვესტიციას ქვეყნის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.