საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში $468.8 მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 23.2%-ით ნაკლებია. უწყების განმარტებით, კლება ძირითადად რეინვესტიციის შემცირებამ განაპირობა.
მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალის მოცულობამ $210.5 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ კი $300.5 მილიონს მიაღწია და მთლიან FDI-ში 64.1%-იანი წილი დაიკავა.
ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში პირველ ადგილზე ჩინეთია — $219.5 მილიონით, რაც მთლიანი FDI-ის 46.8%-ს შეადგენს. მეორე პოზიციაზე გაერთიანებული სამეფოა $123.5 მილიონით (26.3%), ხოლო მესამე ადგილზე — არაბთა გაერთიანებული საამიროები $47.7 მილიონით (10.2%).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 83.3% შეადგინა.
სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში განხორციელდა და $207.6 მილიონს მიაღწია. ამ სექტორის წილი მთლიან FDI-ში 44.3% იყო.
მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორი გავიდა $119.9 მილიონით (25.6%), ხოლო მესამე ადგილზე — დამამუშავებელი მრეწველობა $59 მილიონით (12.6%).
საქსტატის მონაცემებით, სამმა უმსხვილესმა სექტორმა 2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.4% მოიცვა.













