საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ბიზნესგარემოსა და სექტორში არსებული განწყობებსა და მოლოდინებს, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს. ასევე ყურადღება გამახვილდა, შრომის ბაზარზე არსებული პრობლემებზე, რომელიც უკვე მეორე წელია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა ბიზნესის საინვესტიციო აქტივობების კუთხით. დამატებით, საუბარი შეეხო ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობისა და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლობას BAG ინდექსის პირველი კვარტლის შედეგები გააცნო, სადაც აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მეორე კვარტლის შედეგებზე მუშაობა, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დღიდან დაფუძნებისა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის სავალუტო ფონდს გამორჩეული ადგილი უკავია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფონდის მისია ვიზიტის დროს გამოთქვამს სურვილს ესტუმროს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და მოისმინოს ბიზნესში არსებული განწყობები და შეფასებები. ამჯერადაც,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები და მიმდინარე გამოწვევები, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნეს სექტორზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“ -  განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.