აშშ თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში გაზსადენის მშენებლობის პროექტს მხარს უჭერს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას სენატორ სტივ დეინსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.
კერძოდ, სენატრომა დეისმა იკითხა, თუ როგორ უყურებს ვაშინგტონი ევროპაში თურქმენული გაზის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირებისთვის ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობას იმის გათვალისწინებით, რომ თურქმენეთი რუსეთით, ჩინეთითა და ირანით არის გარშემორტყმული.
რუბიომ სენატორს უპასუხა, რომ შეერთებული შტატები ამ პროექტს დადებითად უყურებს, განსაკუთრებით მსოფლიოში ენერგეტიკული უსაფრთხოების ამჟამინდელი მდგომარეობის კონტექსტში.
მან, ასევე, დასძინა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უცხოური დახმარების შემცირების მიუხედავად, ასეთი პროექტებისთვის თანხა საელჩოებისა და რეგიონული ოფისების მეშვეობით კვლავ გამოიყოფა.
პროექტის მიხედვით, თურქმენეთის გალკინიშის საბადოდან ევროპულ ბაზარს 30 მლრდ კუბური მეტრის თურქმენული გაზი ყოველწლიურად, მინიმუმ, 30 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს.
თავად თურქმენეთი ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის მზად არის. ამის შესახებ მარტში, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და ხალკ მასლაჰათის (სახალხო საბჭოს) ამჟამინდელმა თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა Euronews-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მან ექსპორტის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა.
ბერდიმუჰამედოვი 2024 წლის მარტშიც აცხადებდა, რომ თურქეთისა და ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდებას აპირებდა, ხოლო შესაძლო მარშრუტებად ასახელებდა კასპიის ზღვა-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტს ევროპის გაზსადენების სისტემით შემდგომი ტრანსპორტირებით.
ასევე, 2023 წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ბერდიმუჰამედოვი ამბობდა, რომ გალკინიშის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც თურქმენულ ბუნებრივ აირზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ის ტრანსკასპიურ გაზსადენს თურქმენული გაზის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის მაშინაც პერსპექტიულ მეგაპროექტად ასახელებდა.
შემაფერხებელი ფაქტორი მხოლოდ ოფიციალური ბაქოს პოზიციაა, რომელიც ევროპულ ბაზარზე თურქმენული გაზის შესვლას აზერბაიჯანულ რესურსებთან კონკურენციად აფასებს და თურქმენეთთან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაციას აჭიანურებს.
2023 წლის ივლისის ბოლოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა და აზერბაიჯანისგან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაცია მოითხოვა. უწყება აცხადებდა, რომ თურქმენეთი მზად არის, ევროკავშირისთვის გაზის მისაწოდებლად კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა დაიწყოს, რის შემაფერხებელ ფაქტორებსაც ვერ ხედავს.
ტრანსკასპიური გაზსადენი თურქმენეთს შესაძლებლობას მისცემს, ევროპას გაზი რუსეთის გვერდის ავლით, კერძოდ, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიით მიაწოდოს. თურქმენეთის საგარეო უწყება ღიად აცხადებს, რომ ქვეყანა ამ იდეას არა მხოლოდ ეკონომიკურად და კომერციულად მომგებიან პროექტად განიხილავს, არამედ ენერგეტიკული ნაკადების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
ჯერჯერობით დასავლეთისთვის თურქმენული გაზის მიწოდების ერთადერთი გზა ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო მილსადენებია.
წყარო: BPN.GE