ხშირად გვავიწყდება, რომ მასწავლებლის შრომა არ ემსახურება მხოლოდ ცოდნის გადაცემას. პედაგოგის გავლენა მოზარდის ცხოვრებაზე გაცილებით უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ზედაპირულად ჩანს. თუმცა, მათი შრომა უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, მასწავლებლების პროფესიის დაფასებისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით შეიქმნა მასწავლებლების კონკურსი, რომელიც გამორჩეული პედაგოგების გამოვლენას და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მათ დაფასებას ისახავს მიზნად. პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო უკვე მე-9 წელია ტარდება. კონკურსის შესახებ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დირექტორი - თამუნა გურგენიძე გვესაუბრება, რომელიც პროექტში პირველივე დღიდანაა ჩართული და ამ დროის განმავლობაში ბევრი სათქმელიც დაუგროვდა გასაზიარებელი.
ჯილდოს მიზანი
როგორც თამუნა გურგენიძე აღნიშნავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ პროექტმა მოიტანა არის ის, რომ ჯილდომ შეცვალა სტერეოტიპული წარმოდგენები მასწავლებლის პროფესიის შესახებ და კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი.
,,კონკურსი არ არის მხოლოდ ჯილდოს გადაცემის ცერემონია - ეს არის კამპანია, რომელიც თანამოაზრე მასწავლებლებს აერთიანებს, აძლევს განვითარების, კოლეგებთან ურთიერთობისა და საკუთარი საქმიანობის წარმოჩენის შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი - სივრცე, სადაც საუკეთესო ათეულში მოხვედრილი მასწავლებლები ერთად აგრძელებენ მუშაობას განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, მონაწილეობენ კამპანიის აქტივობებში და გვიზიარებენ საკუთარი წარმატების ისტორიებს, რაც სხვა მასწავლებლებისთვისაც დიდი მოტივაციაა. “
განსაკუთრებული მასწავლებლები
მასწავლებლობა არ გულისხმობს მხოლოდ საგნის სიღრმისეულ ცოდნას. ეს პროფესია მოითხოვს მაღალ ემოციურ ინტელექტს, რათა პედაგოგმა შეძლოს თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს და ყველაზე რთული, ერთი შეხედვით უინტერესო მასალაც კი ისე მიაწოდოს, რომ მოსწავლეში ცნობისმოყვარეობა და სწავლის წყურვილი გააღვიძოს.
,,წლების განმავლობაში მართლაც ძალიან ბევრ გამორჩეულ მასწავლებელთან მქონია და მაქვს ურთიერთობა - თითოეულს თავისი ისტორია, ხასიათი და პროფესიული გზა აქვს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: მათთვის ეს პროფესია უბრალოდ სამუშაო არაა. ეს არის ადამიანური დამოკიდებულება, გულწრფელი ზრუნვა და პასუხისმგებლობა საკუთარ მოსწავლეებზე. ისინი მარტო საგანს არ ასწავლიან, ისინი ხედავენ თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს და მათი ძლიერი მხარეების გამოვლენაზე ზრუნავენ.”
კონკურსის დეტალები
კონკურსის შესარჩევი ტური უკვე დაწყებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ 30 მაისის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა შეიტანოს განაცხადი - ნომინირება გაუწიოს საყვარელ მასწავლებელს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე - https://www.tprize.ge/.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საბოლოო გამარჯვებული 5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.
,,ჩემი აზრით, ისეთი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოა პარტნიორების მხარდაჭერა მართლაც უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, ასეთი პროექტები მაშინ არის მდგრადი და შედეგიანი, როცა ბიზნეს სექტორი, განათლების სფერო და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდებიან. სწორედ ასეთი თანამშრომლობით და ერთიანობით შევძლებთ გავაძლიეროთ მასწავლებლების პროფესია და გავაჩინოთ კიდევ მეტი მოტივაცია ამ სფეროში მომუშავეადამიანებისთვის”, - განმარტავს თამუნა გურგენიძე.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.