საკრედიტო დაფინანსება და ზრდა საკმაოდ ნორმალურია. 2025 წლის 5 თვე თითქმის გასულია და ჩვენი მოლოდინები, რაც არსებობს, დაახლოებით, 12%-ის ფარგლებშია, -  ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ საკრედიტო აქტივობის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული 12% გადანაწილებულია როგორც ფიზიკური პირების, ისე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.

"რა თქმა უნდა, ინდუსტიების მიხედვით ზრდა შესაძლებელია განსხვავებული იყოს. რაც შეეხება დეველოპერული ბიზნესების განვითარებას  - ბოლო 2-3 თვე საკმაოდ იმედის მომცემია, საკმაოდ კარგი მაჩვენებლები იყო როგორც მარტში, ისე აპრილში და მაისშიც დადებითი მოლოდინები გვაქვს", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ცნობისთვის, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 804.66 მილიონი ლარით (1.27%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.71%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 64.21 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2025 წლის აპრილის განმავლობაში 1.34%-ით, ანუ 433.72 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 32.90 მილიარდი ლარი შეადგინა.