21 მაისს, გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების შესახებ კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კვლევა, რომელიც გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე წარადგინა, ფოკუსირებულია თბილისის საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრებზე, სადაც 2026 წლიდან მიწოდების ზრდაა დაგეგმილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტის კვლევა ბაზრის მონაწილეებს მკაფიო წარმოდგენას უქმნის არსებული შესაძლებლობების, რისკებისა და სექტორის განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ.

კვლევის მიხედვით, 2019–25 წლებში თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი მაღალი მოთხოვნით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ვაკანტურობის მაჩვენებელი 10.0%-დან 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო საიჯარო ქირა სტაბილურად იზრდებოდა. 2026–28 წლებში კი დაგეგმილია 100 ათას კვ.მ-ზე მეტი ახალი საოფისე ფართის მიწოდება, რაც ვაკანტურობას, გალტ & თაგარტის შეფასებით, 16.8%-მდე გაზრდის. იმისთვის, რომ ვაკანტურობა ჯანსაღ 10%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს, გალტ & თაგარტის პროგნოზით საჭირო იქნება 2029-31 წლებში ახალი მიწოდების დროებით დაპაუზება.

რაც შეეხება თბილისის სავაჭრო უძრავ ქონებას, თბილისის მთავარ სავაჭრო მოლებში გასაქირავებელ ფართებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019-25 წლებში. შედეგად, ამ მოლებში საშუალო ვაკანტურობა 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო ქირის ღირებულება 73%-ით გაიზარდა. გალტ & თაგარტის შეფასებით 2026–30 წლებში დაგეგმილია 141 ათ. კვ.მ-ის ახალი გასაქირავებელი ფართის დამატება. მოთხოვნა კვლავ ძლიერი დარჩება და დამატებითი შესაძლებლობაა ტანსაცმლის და აქსესუარების პრემიუმ ბრენდების შემოყვანა საქართველოში. გალტ & თაგარტის კვლევაში ასევე გაანალიზებულია ცენტრალური სავაჭრო ქუჩების და ბაზრობების ძირითადი ინდიკატორები. კვლევის თანახმად, ბაზრობები ინარჩუნებენ მდგრად მოთხოვნას ლოიალური, ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების ხარჯზე, ხოლო ცენტრალური ქუჩების სავაჭრო უძრავი ქონება მოლების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, საინვესტიციოდ კვლავ მიმზიდველია.

„კომერციული უძრავი ქონების ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზეა, რაც მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული. ჩვენი მიზანია, ბაზრის მონაწილეებს დროული და სიღრმისეული ანალიზი გავუზიაროთ, რათა მათ შეძლონ რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასება. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კვლევა დაეხმარება სექტორს, განაგრძოს განვითარება და მიიღოს ინფორმირებული, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა,

კვლევის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge