საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.

სუხიშვილები პასუხისმგებლობისა და თავისუფლების სინთეზია. იქ ვისწავლე, რომ ყველაზე დიდი წარმატება საკუთარ თავზე გამარჯვებაა, - ამბობს თამრი ხურცილავა, რომლისთვისაც მოცეკვავეობა მხოლოდ პროფესია არასდროს ყოფილა. მისთვის ეს არის შინაგანი რიტმი, დისციპლინა, მუდმივი ძიება და გზა, რომელიც არასდროს ჩერდება.

აღნიშნულ ბლოგში გიყვებით თამრი ხურცილავაზე. ადამიანზე, რომელმაც ბავშვობის ოცნება ყოველდღიურ რეალობად აქცია და დღეს იმავე მუხტს უკვე ახალ თაობას გადასცემს.

ცეკვა 5 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, ძალიან მალე მისი მიზანი „სუხიშვილებში“ მოხვედრა გახდა. არ აცდენდა რეპეტიციებს, მუდმივად ვითარდებოდა და შეუჩერებლად განაგრძობდა გზას, მანამ სანამ ოცნება რეალობად არ აქცია და სახელმწიფო ანსამბლის წევრი არ გახდა.

უწყვეტმა მოძრაობამ იმ სცენამდე მიმიყვანა, სადაც პირველად სუხიშვილების ცეკვა ვნახე და სადაც ჩემი ბავშვობის ოცნება დაიბადა. ხუთი წლის ვიყავი, როცა დარბაზში შევაბიჯე და მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც დიდის ნაწილი გავხდი. ეს იყო კავშირი, რომელიც ჩემში მუდამ არსებობდა. იმ დღეს კი უბრალოდ ფორმა მიიღო,“ - იხსენებს ის.

კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის წარმატება, თამრი გვპასუხობს: ეს არის სიყვარული, რომელსაც ვიღებ მაყურებლისგან, მოსწავლეებისა და გარშემომყოფებისგან. ხოლო წარმატების საიდუმლო კი ორ სიტყვაში ეტევა: დისციპლინა და გულით სურვილი.

ბრენდად ქცეული ანსამბლის წევრობა, სიამაყესთან ერთად, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობასთან რომ ასოცირდება ამაზე ყველა თანხმდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სცენის მიღმაც გცნობენ, და შენს თითოეულ ნაბიჯს განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს.

რა გასაკვირია, რომ ჩვენი ბლოგის გმირი, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგაც კი სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ნერვიულობს. თუმცა საკმარია როლში შესვლა და შინაგან დაძაბულობას თავისუფლება ანაცვლეს, სადაც ყოველი ილეთი მის შინაგან რიტმს ირეკლავს.

დღეს თამრი ხურცილავა საკუთარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს. მისი ენერგიისა და ცეკვისადმი სიყვარულის გადაცემას ცდილობს ბავშვებში, რომლებიც იმ გზას გადიან, რომელსაც 5 წლის თამრი გადიოდა. შესაბამისად, ახლა თავად ცდილობს იყოს შთაგონებისა და მაგალითის წყარო.

მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ არასოდეს გაჩერდნენ, გააკეთონ ისე, როგორც გამოსდით. როცა მიზანი და შენი საქმე გიყვარს, ეს უკვე თავისით გაძლევს ძალას და აღარ გაჩერებს,“ - აღნიშნავს თამრი

მისთვის ცეკვა ყოველთვის მოძრაობაზე მეტს ნიშნავდა. ეს იყო დისციპლინა, შინაგანი სიმტკიცე და რწმენა, რომ დანებება არასდროს არის გამოსავალი. ამიტომაც ცდილობს, ეს დამოკიდებულება გადასცეს მათ ვინც ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

რაც არ უნდა მოხდეს, თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ - ამბობს თამრი და ამ სიტყვებით აერთიანებს ყველაფერს, რაც მისი პროფესიული გზის საფუძველია: შრომას, მიზანს, მუდმივ წინსვლასა და არ გაჩერებას.

უფრო მეტისთვის, ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეო: