საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზედამხედვლო მიდგომებს და საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს.

ამასთან, სებ-ის თანახმად, ნათია თურნავამ თავის არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო.

"ნათია თურნავამ ხალიდ მოჰამედ ბალამს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სებ-ის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებაზე, რაც ქვეყნის ფინანსური ტრანზაქციების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს. აღნიშნული განახლება მიზნად ისახავს RTGS სისტემის ეფექტიანობისა და გამტარუნარიანობის ზრდას, რაც ბიზნესებს შორის (B2B) ტრანზაქციების უფრო სწრაფ და საიმედო დამუშავებას უზრუნველყოფს.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო მომსახურების განვითარებას. მათ შორისაა მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) შემუშავება.

საუბარი ასევე შეეხო ფინანსური ტექნოლოგიებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების განვითარებას საქართველოში და ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესრელიზში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.

საქართველოს საბანკო სისტემაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორებიც არიან წარმოდგენილი, კერძოდ კი "ტერაბანკის" მთავარი აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი.