საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებზე, საინვესტიციო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საუბარი ასევე შეეხო გლობალური ეკონომიკის ტენდენციებს მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და სათანადო ფისკალური ბუფერების შექმნის კუთხით და კიდევ ერთხელ დაადასტურა რეგიონული დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტულობა.

შეხვედრას დაესწრნენ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანტონელა ბასანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.