თანმიმდევრული მოქმედების შედეგი არის ის, რომ ნდობაა ეროვნული ბანკის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, ყველას ინფლაციური პროგნოზი არის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს.
„ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ქმედებები, თუნდაც მანამდე როდესაც გასამკაცრებელი იყო პოლიტიკა და ეროვნულმა ბანკმა თამამად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, შემდეგ როდესაც იყო ამისი შესაძლებლობა, თამამად შეამცირა საპროცენტო განაკვეთი, სწორედ ამ თანმიმდევრული მოქმედების შედეგია ის, რომ ნდობაა ეროვნული ბანკის მიმართ, რაც გამოისახება იმაში, რომ ინფლაციური მოლოდინები არის სტაბილური. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველას ინფლაციური პროგნოზი არის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. გარდა რისკების ანალიზისა ჩვენ ასევე გვაქვს ცენტრალური პროგნოზიც.
ჩვენი ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, რომელიც ასევე მოიაზრებს რისკების გარკვეულ რეალიზაციას, ამ პირობებშიც კი ველოდებით, რომ 2025 წელს საშუალოდ ინფლაცია დაახლოებით 3.8 % იქნება - მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-თან ახლოს შენარჩუნდება. ასევე, განვაახლეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაახლოებით 5-დან 6.7%-მდე გავზარდეთ იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ პირველ კვარტალშიც მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ძლიერი ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნდა და პირველი კვარტლის მონაცემებით 9.3% არის. ასევე ვხედავთ, ვაანალიზებთ იმასაც თუ რა დგას ამ ძლიერი ეკონომიკური ზრდის უკან და ძირითადად ამის განმაპირობებელი არის მაღალპროდუქტიულ სექტორში მაღალი ზრდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ერთობლივ მოთხოვნასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის წარმოების პოტენციალი იზრდება და ეს არის განმაპირობებელი მაღალი ეკონომიკური ზრდის. ერთობლივ მოთხოვნასთან ერთად პოტენციალიც იზრდება შესაბამისად, ინფლაციაზე და ფასებზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის და ასეთ პირობებში ყალიბდება ერთი მხრივ არის დაბალი ინფლაცია და მეორე მხრივ მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.