"ეროვნული ბანკის დროული მონეტარული პოკიტიკის რეაგირების შედეგად, ინფლაცია შემცირდა და ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „ფინანსური სტაბილურობა და განაკვეთების შემცირების ციკლი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიდგომის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია რისკების მართვაზე ოპტიმალური შედეგების მისაღწევად.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გლობალური გაურკვევლობის პირობებში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის პარალელურად საქართველო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.
“გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ცენტრალური ბანკები მაღალი გაურკვევლობის პირობებში აღმოჩნდნენ. ამ გამოწვევებზე რეაგირების ფარგლებში, მათ გაამკაცრეს მონეტარული პოლიტიკა, რამაც გლობალური ინფლაციის შემცირებას შეუწყო ხელი. თუმცა, დღევანდელი დისკუსიები ნათლად მიუთითებს, რომ ფასების სტაბილურობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამავდროულად ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. გაურკვევლობა კვლავაც მაღალია, რის ფონზეც რისკების ეფექტიანი მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ამ მხრივ, საქართველო გამორჩეული მაგალითია: ეროვნული ბანკის დროული მონეტარული პოკიტიკის რეაგირების შედეგად, ინფლაცია შემცირდა და ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება. ორი წელია საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოსაა, მაშინ როცა ამავე პერიოდში რიგ ქვეყნებში მაღალი ინფლაცია კვლავ გამოწვევა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება მიღწეულია მაკროპრუდენციულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, რომელმაც უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების პირობებში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მომავლისკენ მიმართული სტრატეგია - რომელიც ეფუძნება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას და სცენარებზე ორიენტირებულ მონეტარული პოლიტიკურ ჩარჩოს - წარმოადგენს წარმატების ერთ-ერთ წინაპირობას. სწორედ ამ ლოგიკით, 2025 წლის იანვრიდან, ეროვნულმა ბანკმა გადაინაცვლა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ ეტაპზე, რომელიც დაფუძნებულია რისკების მართვის პრინციპებსა და სცენარებზე მორგებულ მიდგომაზე. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები და წამყვანი ეკონომისტები ადასტურებენ, რომ მსგავს მიდგომაზე გადასვლა მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში აუცილებელია. ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე გადავიდა ამ მიდგომებზე“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.