„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული ცალმხრივი სანქციის მოხსნა, რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება.  ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ. 

რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ  რუსეთი მზად არის, რომ საქართველოსთან ფრენები განაახლოს, მაგრამ ამისთვის  ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. „ტანგოსთვის ორია საჭირო“ - აღნიშნა კარასინმა ამ თემაზე საუბრისას. 

კობახიძის თქმით, რასაც 2019 წელს  ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას 2023 წელს ტანგო არ სჭირდება და ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია. 

„რასაც თავის დროზე, 2019 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია. თუ მიღებულია ცალმხრივი გადაწყვეტილება, მათივე გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ ცალმხრივად.

ჩვენ ვაფიქსირებთ ერთადერთ პოზიციას-მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა. ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ცალმხრივი სანქცია, რომელიც დაწესდა თავის დროზე და სანქციის მოხსნაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იქნება," -  აღნიშნა კობახიძემ.