ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა.

გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და მონაწილეებს საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები გააცნო. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია.

გიორგი შარაბიძემ მოხალისეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრების მიმდინარეობისას ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში შეხვედრა მეორედ გამართა. საინფორმაციო შეხვედრები ასევე დაგეგმილია ცენტრის მომდევნო ნაკადების მოხალისეებთან.