მალე საქართველოში „ვარსკვლავთცვენის“ მესამე სეზონი დაიწყება. „Starring Georgia“ ამ ზაფხულს განსაკუთრებულად ხვდება. გასული 2 წლის განმავლობაში პროექტის ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს და რაც მთავარია, ტექნიკური რესურსის დახვეწა მოახერხეს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მათთვის სწორედ ეს იყო. ტექნიკურ საშუალებებზე პირდაპირაა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხარისხის გამოვა კონცერტი და მიიღებს თუ არა მსმენელი მაქსიმალურ სიამოვნებას.
ჯერ იყო და პირველივე სეზონისთვის „Starring Georgia-მ“ „Eurotruss-ის“ სცენა და „Clay Paky-ის“ განათება შეიძინა; ასევე, დაამზადებინა მოედნის საფარი, რომლითაც ბალახი დაფარა და „Black Sea Arena-ს“ ფარგლებში არსებული ტექნიკური რესურსი მნიშვნელოვნად გააფართოვა. თუმცა, ამ ტექნიკურ რესურსს სრულყოფილებამდე ერთი რამ აკლდა... წლევანდელი სეზონისთვის ეს გამოწვევაც დაძლეულია — „Starring Georgia-ს“ მენეჯერი ციცი იაშვილი ცოტა ხნის დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც პროექტისთვის „L-Acoustics-ის“ K1 სისტემის გახმოვანება შეიძინა.
„L-Acoustics“-ის გახმოვანების სისტემის ყიდვა ყველას არ შეუძლია. ისინი ეძებენ არა, უბრალოდ, მყიდველებს, არამედ პარტნიორებს. საკუთარ პროდუქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგყიდიან, თუ ჩათვლიან, რომ კონკრეტული კომპანია მათი ღირსეული პარტნიორი იქნება. მოლაპარაკების პერიოდში „L-Acoustics“-ის წარმომადგენლები „Starring Georgia-ს“ ორჯერ ესტუმრნენ: დაათვალიერეს არენა, ტექნიკური საწყობი; ნახეს, როგორ უვლიდნენ გახმოვანების სისტემას; გაარკვიეს არტისტების სია და კონცერტების რაოდენობა, რათა დაედგინათ, იყო თუ არა საჭირო მათი სისტემა; ესაუბრნენ ტექნიკურ ბაზაზე პასუხისმგებელ პირებს, შეამოწმეს მათი ცოდნა და გამოცდილება... ამ ყველაფერში დარწმუნდნენ და გახმოვანების სისტემის ყიდვის უფლება შემდეგ მისცეს. შედეგად, „Starring Georgia“ რეგიონში „L-Acoustics K1“ სისტემის წარმომადგენელი გახდა.
„დღეს უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ, რეგიონის მასშტაბით, სწორედ „Starring Georgia“ არის ის ერთადერთი პროექტი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის ღონისძიების მასპინძლობა მხოლოდ საკუთარი ტექნიკური რესურსითაც შეუძლია. თუ პირველ წელს „Eurotruss-ის“ სცენა და „Clay Paky-ის“ განათება გვქონდა, დღეს უკვე საქართველო გახმოვანების სიტემის მსოფლიოში ნომერ პირველი მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ არტისტს მხოლოდ ჩვენთან კი არ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ, არამედ სხვა ქვეყნებსაც დავეხმაროთ და ამაში დამატებითი შემოსავალი მივიღოთ, რომელსაც შემდგომი განვითარებისთვის გამოვიყენებთ. ცხადია, ეს დახმარება როგორც არტისტთან კომუნიკაციას, ასევე, ტექნიკურ ნაწილსაც ეხება,“ — აღნიშნავს „Starring Georgia-ს“ ტექნიკური დირექტორი კობი მანჯგალაძე.
საინტერესოა, რომ პირველი მსგავსი გამოცდილებაც უკვე მიიღეს. წელს „Starring Georgia-მ“ საკუთარი მოედნის საფარი პარტნიორ კომპანია BookMyShow-ს მიაქირავა, რომელიც ინდოეთში გართობის ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. ამ კომპანიის ორგანიზებით ჩატარდა Coldplay-ის 5 კონცერტი. მათ შორის ერთ-ერთმა, რომელსაც 120 000 ადამიანი ესწრებოდა, მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხუთივე კონცერტზე ზემოხსენებული საფარი გამოიყენეს. საბოლოო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში მუსიკალური სეზონი არ არის, საქართველო ტექნიკურად მზადაა, მაღალი კლასის ღონისძიებებს სხვა ქვეყანაში სრულად მოემსახუროს.
„გარდა ტექნიკური საშუალებებისა, ჩვენს გუნდმა უკვე ძალიან სერიოზული ტექნიკური ცოდნაც შეიძინა. ჩვენი ტექნიკური გუნდის შესაძლებლობებზე კარგად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი ნატანებელი თანამშრომლები, რომლებსაც ბრუნო მარსის სირთულის სცენა უკვე აწყობილი ჰქონდათ, 2024 წლის შემოდგომაზე კვიპროსში სამუშაოდ მიიწვიეს, სადაც, ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში, უზარმაზარი სცენა იყო ასაწყობი,“ — აცხადებს „Starring Georgia-ს“ მენეჯერი ციცი იაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გასული 2 წელი, ტექნიკურ განვითარებასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი გამოდგა. ამ პერიოდში, „Starring Georgia-ს“ ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს 18 750 ტურისტი ეწვია, მხოლოდ უცხოელი ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა კი, 60 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლეები შეეხო გურიის რაიონს, სადაც სეზონიც მკვეთრად გაიზარდა და სასტუმროებისა თუ ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესების რაოდენობაც.
„პირველი წლის მიზანი საერთშორისო გასართობ რუკაზე საქართველოს პოზიციონირება იყო. წელს გადავწყვიტეთ, აქცენტი გურიაზე გავაკეთოთ და გურულებს დავეხმაროთ. ვხედავთ, რა ეფექტი აქვს თითო კონცერტზე ათიათასობით ადამიანის ჩამოყვანას. 2024 წლის მუსიკალურ სეზონზე 2 ღონისძიება ჩავატარეთ მაისში, რომელიც საზღვაო სეზონი არ არის. „OneRepublic“ შეკვეთილს 10 მაისს ეწვია, „Scorpions“ კი, 31 მაისს. „Black Sea Arena-ს“ 2-ჯერ სრულად გავსება ნიშნავს იმას, რომ შეკვეთილში, მინიმუმ, 20 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. ეს უბიძგებს ადგილობრივ ბიზნესებს, ადრე დაიწყონ სეზონისთვის მზადება და შესაბამისად, შემოსავლის მიღება. ამასთანავე, ბიძგი მივეცით სხვადასხვა ობიექტის მშენებლობას და ამ ტერიტორიის განვითარებას. თუ აქამდე შეკვეთილში მხოლოდ სანაპირო ზოლის განაშენიანება მიმდინარეობდა, განაშენიანების პროცესი უკვე „Black Sea Arena-ს“ უკან გაგრძელდა. ეს ყველაფერი პროექტის ეფექტიანობის თვალსაჩინო ნიშნებია.
წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტი „გურია მთავარ როლში“ დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ადგილობრივების გადამზადება მათთვის საინტერესო სფეროებში,(მარკეტინგი, გაყიდვები, სოცმედია, სტუმარმასპინძლობა და ა.შ.). ამ პროექტის მიზანია, ადგილობრივმა ბიზნესებმა შეძლონ, უკეთ წარადგინონ საკუთარი სერვისი და გურიაში ჩასულ ათიათასობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მომსახურების მაღალი ხარისხი შესთავაზონ,“ — აღნიშნავს ციცი იაშვილი.
რაც შეეხება ახალ სეზონსა და ახალ არტისტებს, ჯერ მხოლოდ 2 მათგანის ვინაობა ვიცით — ლეგენდარული „Guns N' Roses-ისა“ და „Empire of the Sun-ის“. ამ უკანასკნელის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00-ზე დაიწყება; „Guns N' Roses-ის“ უკვე გაყიდული ბილეთებიდან კი, ჩანს, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეების ინტერესი საკმაოდ მაღალია, ამიტომ შეკვეთილში წელს განსაკუთრებულად ბევრ უცხოელ სტუმარს ელოდებიან.
გასული 2 წლის განმავლობაში, „Starring Georgia-მ“ უკვე უმასპინძლა „Imagine Dragons-ს“, ბრუნო მარსს, „Scorpions-ს“, „The Killers-ს“, „OneRepublic-ს“, „Jungle-ს“ და სხვა საერთაშორისო დონის არტისტებს. 2-წლიანი შთამბეჭდავი მუსიკალური თავგადასავლის შემდეგ „Starring Georgia“ მელომანებს ახლა კიდევ უფრო დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.