პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმიანობის შესაძლო უკანონო მონაწილეობის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
„მე ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ეს არის წმინდად გამოძიების საქმე და შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.
შეგახსენებთ რომ, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ეხება.
პროკურატურა განმარტავს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და მისი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორები.
ეროვნული ბანკის განცხადებით, გამოძიების პროცესში ნანა ყეინიშვილი სებ-ის საბჭოს სხდომებიდან დროებით იქნება აცილებული. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებები შეისწავლება, შედეგების შესახებ კი საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.
საქმეში ნახსენები შპს „ბიტექსჩეინჯი“ კრიპტოსერვისების მიმწოდებელი კომპანიაა. ის 2020 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი დავით ორჯონიკიძეა.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2023 წლის სექტემბრიდან და თანამდებობაზე 2030 წლის სექტემბრამდე დარჩენის შვიდწლიანი მანდატი აქვს.













