შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი - ევროინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობა და შუა დერეფნის მდგრადობა 21-ე საუკუნის მესამე ათწლეული სხვა გლობალურ მოვლენებთან და ცვლილებებთან ერთად, ენერგეტიკული ასპექტითაც ღირსშესანიშნავია. გლობალურმა კატაკლიზმებმა და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომმა განსაკუთრებით გამოაჩინა ენერგეტიკის პოლიტიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობა. მიუხედავად სასიცოცხლო გამოწვევებისა, ევროპა მტკიცედ ადგას მწვანე ენერგეტიკის შეთანხმების პოლიტიკას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გზას.

წიაღისეული საწვავის შემცირება ისედაც წარმოადგენდა ეკოლოგიური პოლიტიკის პრიორიტეტს, რაც არათუ შეიცვალა რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, არამედ ზედ აგრესორის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებიც დაერთო. სანქციები კი ყველაზე მეტად სწორედ ენერგომატარებლებს ეხება, რომლის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენებას რუსეთი არაერთი წელია მიმართავს. შექმნილმა ვითარებამ გვაჩვენა, რომ ევროპას მწვანე ენერგიის წარმოებასთან ერთად იგივე პროდუქციის იმპორტისთვის საიმედო დერეფნები ჭირდება. ეს ვითარება სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთა შორისაც საქართველოს საკვანძო ადგილი უჭირავს - საქართველოს, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია.

საქართველო თავადაცაა ევროპის მწვანე შეთანხმების ნაწილი. გარდა ამისა ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროპული პერსპექტივის მოთხოვნათა მიხედვით მთელ რიგ რეფორმებს ახორციელებს, რომელიც კლიმატიც ცვლილებაზეა გათვლილი და ევროპული სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. გარდა ევროპასთან საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე ჰარმონიზაციისა, საქართველოს თვითონაც ესაჭიროება ელექტროენერგიის გენერაციის მოცულობების გაზრდა, რაც სწორედ მისი ბუნებრივი რესურსით, ანუ განახლებადი ენერგიით უნდა მიიღწეს.

განვითარების ამგვარი გზის შედეგად კი ქვეყანაში იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ, ტექნოლოგიურ და საინჟინრო კადრებზე, ენერგეტიკისა და გარემოს სპეციალისტებზე. იზრდება მოთხოვნა მაღალანაზღაურებად და მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებზე. ენერგეტიკის სექტორს უჩნდება შესაძლებლობა გახდეს მდგრადი და თვითკმარი განვითარების მაგალითი და ხორცი შეასხას სრულ საწარმოო ციკლის გენერაციის ობიექტების ადგილობრივ რესურსზე ამუშავებიდან საბოლოო მოხმარების პროდუქტის გამოშვებასა და მიწოდებამდე. ენერგეტიკული თვალსაზრისით მსგავსი წინაპირობის გაჩენა მყისიერ მოთხოვნას აჩენს სათანადო განათლებასა და მაღალანაზღაურებადი კადრების მომზადებაზე.

კიდევ ერთი უპირატესობა ენერგეტიკის დარგში კონკურენტუნარიანობაა. ევროპის ბაზრის პოლიტიკა მწვანე ენერგიის პრიორიტეტის შესახებ, ნახშირბადის გადასახადის დაწესება და განახლებადი რესურსის წახალისებისკენ მიმართული ნაბიჯები საქართველოს, როგორც მწვანე და განახლებადი ენერგიის მწარმოებელ ქვეყანას კონკურენტულ პირობებში აქცევს. ქვეყანას შეუძლია მწვანე ენერგიის გამომუშავება, მოხმარება და ექსპორტი. მწვანე ენერგიით დამზადებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე დამატებითი გადასახადის გარეშე ხვდება, რაც მისი ფასის კონკურენტუნარიანობას ზრდის. ყველა წინაპირობა ერთად საქართველოს ენერგეტიკულ ჰაბად გარდაქმნას უქადის, ეს კი ზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებო მდგომარეობაა, თუმცა სრულად ენერგოდამოუკიდებლობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს ვერცერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს. ამის მიუხედავად ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ მეტი დამოუკიდებლობის მიღწევას, რისკების დივერსიფიცირებას, ენერგიის სტაბილურ წარმოებას, ვაჭრობას და ტრანსპორტირებას. აღნიშნული მიმართულებებით ძალისხმევას კი მივყავართ ენერგეტიკული უსაფრთხოების კონცეფციამდე.

ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ხარისხიანი ენერგიის საიმედო და უწყვეტ მიწოდებას ქვეყნის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად, ეროვნული უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ინტერესების დაცვით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მიიღწევა მიწოდების რისკების და გარე დამოკიდებულების შემცირებით, ენერგორესურსების, მიწოდების წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაციით და ენერგოსისტემის მედეგობის ამაღლებით. ეს პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგოეფექტიანობის გაზრდასთან, ადგილობრივი წიაღისეული და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასთან, სტრატეგიული რეზერვების, ენერგოსისტემის მოქნილობისა და ენერგობაზრების განვითარებასთან.

წიაღისეული სათბობის მარაგების სიმწირის პირობებში, განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების მთავარი საშუალებაა. საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროები წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პოტენციალს, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების, განვითარების, თანამშრომლობის და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის მნიშვნელოვანი რესურსია. ქვეყნის მდგრადი ენერგომომარაგება მოითხოვს ქვეყანაში განახლებადი ენერგეტიკული რესურსების კომპლექსურ და ეფექტიან ათვისებას.

2021 წელს, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 12,645 მგვტ.სთ შეადგინა, რომლის 81 პროცენტიც განახლებადი ენერგიის წილი იყო. მთლიანობაში კი საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსის ტექნიკური პოტენციალი შეფასებულია როგორც 32 ტვტსთ/წელიწადში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეისათვის განვითარებული ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა კლიმატის ცვლილების კონტექსტში განიხილება. ევროპის მწვანე შეთანხმება (EU Green Deal) ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია 2050 წელს ევროპა გახდეს პირველი ნახშირბადნეიტრალური კონტინენტი. შუალედურ სამიზნე მაჩვენებლად დასახულია სათბური აირების გაფრქვევების შემცირება 55%-ით 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის. ხოლო 2050 წლამდე უნდა მიიღწეს სრული ნახშირბად ნეიტრალურობა, ანუ სათბურის გაზების ნეტო გაფრქვევების მაჩვენებელი ნულის ტოლი უნდა იყოს. 2022 წელს დამტკიცებული გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის ევროკავშირში მოხმარებული მთლიანი ენერგიის 45% უნდა მოდიოდეს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან.

ეს ნიშნავს, რომ ევროპაში უახლოეს მომავალში უფრო და უფრო გაიზრდება მოთხოვნა მწვანე ენერგიაზე, ადგილზე წარმოებასა და იმპორტზე. შავი ზღვის ფსკერზე გაჭიმული ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის ჩადება კი საქართველოს სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი, მწვანე ენერგიის წარმოების შესაძლებლობები, კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული კვოტების გამომუშავება და ქვეყნის ბუნებრივი პოტენციალი ინვესტორთათვის უაღრესად მიმზიდველ ფაქტორებს წარმოადგენს. საქართველო ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციას სერიოზულად განამტკიცებს და წიაღისეული საწვავის ტრანზიტორი ქვეყნიდან დამატებით ელექტროენერგიის მწარმოებელ და გადამცემ ქვეყნადაც გადაიქცევა. ყველა ეს ფაქტორი განამტკიცებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და მის დამოუკიდებლობას.

2022 წლის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის საჯარო წარდგენისას განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირებისთანავე საქართველო მზადაა აფხაზეთში 10 მილიარდი ლარი ჩადოს. სადღეისოდ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონ დოლარს ითვლის. სამშვიდობო გეგმისა და ორმხრივი შეთანხმების რეალიზება მთელ რიგ აუცილებელ ნაბიჯებს საჭიროებს, რომლისთვისაც ქვეყანამ მზადება უკვე უნდა დაიწყოს. საქართველოს მხრიდან დაწყებული შერიგებისა და თანხმობის პოლიტიკა თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს, დაახლოების განზრახვა კი პრაქტიკული ნაბიჯების წარმოჩენასაც გულისხმობს.

საქართველოს ჰიდროელექტროენერგეტიკის გულს ენგურჰესი წარმოადგენს. ეს ელექტროსადგური ქვეყნის ელექტროსისტემის სტაბილურობასა და ჰიდროგამომუშავების 25 პროცენტს უზრუნველყოფს. გარდა მისი ენერგეტიკული მნიშვნელობისა, ობიექტი დღეს წარმოადგენს სოხუმისა და თბილისის ერთადერთ ოფიციალურ სამუშაო ფორმატს. ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავი მდებარეობს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საზღვარზე, ხოლო ჰესის სამანქანო განყოფილება კი აფხაზეთის მიწისქვეშა ტერიტორიაზე. ჰესში გამომუშავებული ელექტროენერგია წინასწარ შეთანხმებული კვოტების თანახმად ნაწილდება აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. სადგურის ოპერირებას აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფო კომპანია “ენგურჰესი” უზრუნველყოფს.

საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარება ბუნებრივად წარმოადგენს აფხაზეთისთვის ნიმუშს, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს ბუნებრივი რესურსი, მოიზიდოს ინვესტიციები, შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი, მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამსახურები, უზრუნველყოს ეკონომიკის განვითარება და სხვა სექტორებისთვის აუცილებელი ენერგორესურსი საკუთარი გენერაციით მიიღოს. რაც მთავარია, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა გამომუშავებული რესურსი პირდაპირი გზით გაიტანოს ევროპაში. შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზი რამდენიმე წელიწადში დასახულ გეგმას რეალურად აქცევს.

2023 წელს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდება. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ ეს უკანასკნელი ცივილიზებული სამყაროდან მოკვეთილ სახელმწიფოდ აქცია. აფხაზური მხარე ხედავს, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა განვითარებაზე, კეთილდღეობასა და ევროინტეგრაციაზეა ორიენტირებული, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა ურთიერთობის აღდგენის ახალ შესაძლებლობებს აჩენს, ამავე დროს კი, საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური განვითარება იმ კვაზი-სახელმწიფოს იმ მდგომარეობის გაუარესებასაც უქადის, რომელშიც დღეს იმყოფება.

ქვეყნის ენერგეტიკაში ახალი ინვესტიციები, ეკონომიკური აღმავლობა, დაანონსებული ასობით მეგავატის დადგმული სიმძლავრის გაჩენა, ევროპასთან ელექტროკაბელით პირდაპირი ტრანზიტი და ვაჭრობა, ენგურჰესზე დამოკიდებულებას და საქართველოსთვის მის სასიცოცხლო მნიშვნელობას ამცირებს. სხვადასხვა პროექტების განვითარებით საქართველო ალტერნატიულ ენერგიას მიიღებს, აფხაზეთი კი რჩება ენგურჰესიდან ყოველწლიურად სულ უფრო მცირე და მცირე რაოდენობით მიღებული დენის ამარა.

ამგვარად, რუსული აგრესიისა და საქართველოს ევროპაში განუხრელი ინტეგრაციის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივა შესაძლოა მყიფედ, მაგრამ მაინც გამოიკვეთოს. საქართველოს ევროპის ნაწილად ქცევა იმ პოლიტიკის, ღირებულებების, რეგულაციებისა და სტანდარტების მიღებას გულისხმობს, რომლის საფუძველზეც ევროპის კონტინენტზე არაერთი ეთნოკონფლიქტი ჩაქრა და მინავლდა. ერთიანი ევროპული ქოლგის ქვეშ მოქცეული აფხაზური საზოგადოება, რომელიც დამოუკიდებლობას ესწრაფვის, სასურველ მდგომარეობას უმალ ერთიანი საქართველოს ფარგლებში მიიღებს, ვიდრე რუსული გავლენის სივრცეში ყოფნით.

გურამ ნიკოლაშვილი,

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველი ენერგეტიკული კომუნიკაციის საკითხებში