საქართველოში მხოლოდ ბოლო 6 თვეში რუსეთის 4 ათასამდე მოქალაქემ იყიდა ბინა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის, რუსეთის ფედერაციის 3 878 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 4 745 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.

„543 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 404 მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 104.098 კვ.მ-ს;

886 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის 829 მოქალაქის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი შეადგენს 118.213 კვ.მ-ს.

ამასთან, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის გარეშე მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 265.049 კვ.მ;

ამავე პერიოდისთვის შენობა-ნაგებობებიანი მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობია 209.600 კვ.მ; ხოლო საცხოვრებელი ბინა/ერთეულების ჯამური ფართობი - 424 449.823 კვ.მეტრი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.