საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს და მისი მიღება დროული და აუცილებელია. პრობლემის იდენტიფიკაციისთანავე, ბიზნესსექტორი მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებოდა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, რათა მოხერხებულიყო ეფექტიანი გადაწყვეტილების მოძებნა.

კანონპროექტის არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე, მათ რეაბილიტაციასა და განათლებაზე ორიენტირებული მიდგომა, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ამავდროულად, ბიზნესისთვის პრინციპულია შრომის ბაზრისთვის მომზადებული, კეთილსინდისიერი და პროფესიული უნარების მქონე კადრების არსებობა. აღნიშნული, ქმნის საფუძველს მოქალაქეებმა მიიღონ ლეგალური შემოსავალი, რაც შემდგომში მათ სოციალურ ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს.

ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც დღეს რეალურად არსებობს. ბოლო პერიოდში გახშირებულია არასრულწლოვანთა მიერ ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები, რის გამოც ბიზნესსექტორს წლიურად მილიონობით ლარის ზარალი ადგება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დანაშაულებს ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს.

ასევე აღსანიშნავია, რომ არსებული სისხლისსამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანები გარკვეული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული არიან, რის გამოც კრიმინალური ჯგუფები მიზანმიმართულად იყენებენ მათ დანაშაულებრივი ქმედებების განსახორციელებლად. ზემოხსენებული ტენდენცია ქმნის როგორც კრიმინოგენური ვითარების გაუარესების, ისე არასრულწლოვანთა გრძელვადიან, მენტალური დაზიანების მაღალ რისკს.

აღნიშნული გარემოება, კიდევ უფრო ამძაფრებს საჭიროებას, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული, კომპლექსური მიდგომები რეაბილიტაციის, განათლების, სოციალური ინტეგრაციის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და შრომითი უნარების განვითარებით. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც არასრულწლოვანთა მომავლის დაცვას, ისე ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს განმტკიცებას“ ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს, ყველა იმ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს კრიმინალის პრევენციას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია, როგორც თავად არასრულწლოვანთა ხელშეწყობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. განსაკუთრებით მისასალმებელია რეაბილიტაციასა და განათლებაზე მაქსიმალური კონცენტრირება, რადგან როგორც მოგეხსენებათ დამსაქმებელი მუდმივად ეძებს კვალიფიკაციისა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეფორმა მოიტანს კონკრეტულ შედეგს, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და მდგრად განვითარებაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.