აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძე არაერთ სკანდალშია გახვეული, მათ შორის მისი პროკურორობის პერიოდში ოპოზიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის გერმანიაში იყო ნასამართლევი "ყაჩაღური ქურდობის" მუხლით. კერძოდ, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძემ გერმანიაში ბოტასები მოიპარა. ყოფილ მაღალჩინოსანს საქართველოს პროკურატურა 2017 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა. მაშინ თორდია აცხადებდა, რომ თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.

კერძოდ, აუდიტის სამსახური ფარცხალაძის კომპანიებისა და მერიის საქმიანობას სწავლობდა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მთავარი პროკურორის ფირმებმა არაადეკვატური კომპენსაცია მიიღეს (საქმე ეხებოდა ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით მიწის ადგილმონაცვლეობას). გარდა ამისა, 2018 წელს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბიზნესდავას, რომელში ყიფიანის ჩარევით ფარცხალაძე უკმაყოფილო დარჩა.

უკვე წლებია მიდის საუბარი ოთარ ფარცხალაძის საეჭვო გამდიდრების შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ელიტური კორუფციის სიმბოლოდაც კი იქცა, ისევე როგორც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში დავით კეზერაშვილი, რომელიც დაინიშნა ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელად, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრი და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მოულოდნელად გახდა მულტიმილიონერი. იგივე მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაში. ეს ადამიანი იყო ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, შემდეგ 2 თვის განმავლობაში მთავარი პროკურორი და მთავარი პროკურორობიდან როდესაც წამოვიდა, საკმაოდ დიდი ქონების ადამიანი გახდა.

ფარცხალაძის შემოსავლების შესახებ 2018 წელს ბიძინა ივანიშვილსაც მოუწია პასუხის გაცემა, როდესაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას ემა ტუხიაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „თუ ფარცხალაძე ვერ დაასაბუთებს თავის ქონებას, გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები ლიდერებში, ვინც მოითხოვს და გაამაგრებს თავისი გამოსვლებით სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მან ისევე აგოს პასუხი თავის ქმედებებზე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ“.

ოთარ ფარცხალაძის საეჭო გამდიდრების შესახებ წერდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ . ორგანიზაციის ცნობით, მთავარი პროკურორობის პერიოდში ფარცხალაძე და მისი ოჯახი 226 კვ.მ საერთო ფართს და 2 უძრავ ქონებას ფლობდა, პროკურორობიდან გადადგომის შემდეგ კი რამდენიმე წელში ის 7 900 კვ.მ ფართობის და 24 -მდე უძრავი ქონების მეპატრონეა.

როგორც 2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წერდა, ფარცხალაძის ქონებაში შედიოდა: ტაბახმელაში, სოფელი წავკისში, 4089 კვ.მ საერთო ფართობის 4 მიწის ნაკვეთი, 1509 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში, 77,5 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, 38 კვ.მ ფართი კოსტავას ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე 90 კვ.მ ფართი, 101 კვ.მ კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 204 კ. კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 130 კვ.მ ფართი მშენებარე ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, 143 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 33 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 26 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში, 25 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში.

ორგანიზაციამ ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მეუღლის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, სადაც ვკითხულობთ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მეუღლის ქონებაში შედიოდა 2018 წელს: 59 კვ.მ ფართი ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე. ყოფილი ცოლის ქონებაში კი შედიოდა, 40.2 კვ.მ ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, 16, 20 კვ.მ ავტოსადგომი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 61.70 კვ.მ მშენებარე ფართი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 44.12 კვ.მ ფართობი ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 15 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე.

შვილის, საკუთრებაში ფიქსირდებოდა - 38 კვ.მ ფართი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 417 კვ.მ მიწა ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 119 კვ.მ ფართი ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 93 კვ.მ ბინა თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის ბიზნეს-საქმიანობას და შემოსავალს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის 18 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძემ შპს “როიალ დეველოპმენტის” 40% წილი იყიდა 50 ლარად. 2016 წლის 29 ივნისს მან 50 ლარად ნაყიდი წილი,155 000$-ად გაყიდა.

2014-2016 წლებში ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შპს მიტერას 100% წილი იყიდეს 2500 ლარად, რაც 2016 წლის აგვისტოში 65 000 ლარად გაასხვისეს. 2016 წლის 29 ივნისს ოთარ ფარცხალაძემ შპს “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის” 100% იყიდა 235 000$-ად.

დღეის მდგომარეობით კი, რეესტრის მონაცემებით, ოთარ ფარცხალაძე ფიქსირდება შპს „ბოდი გარდის“ და შპს „ჯიპიეს კონსალტინგის“ მეწილედ. ასევე სხვადასხვა კომპანიების მეწილებაად ფიქსირდებიან, მისი ცოლი და შვილი. ეს კომპანიებია: შპს „ეკო გრუპი“, შპს „იუ. არ. კოსმეტიკა“; უცხოეთში ქართველ მოღვაწეთა გრიგოლ რობაქიძის სახელობის ფონდი; შპს „ჰექსა“; შპს „ჯორჯია გრანდ კონსალტინგ“; კონსერვატორთა კავშირი.

წყარო: BPN.GE