მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO), გარემოს ეროვნული სააგენტოსა (NEA) და წყლის გლობალური პარტნიორობა (GWP) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით,  თბილისში, შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემის (BSMEFFGS) მმართველი კომიტეტის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გახდეს შავი ზღვის რეგიონში კლიმატისადმი მდგრადობის და ადრეული გაფრთხილების სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადრეული გაფრთხილების სისტემების მოდერნიზაციას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა დაკვირვების ქსელის განვითარებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებაში.

ძალიან მნიშვნელოვანია  კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით მიმდინარე საერთაშორისო პროექტი, რომელმაც  საშუალება მოგვცა, სრულად გაგვეახლებინა  ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ქსელი. გასულ დღეებში გვქონდა საკმაოდ მძლავრი წყალდიდობა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. მსგავსი მოვლენების განვითარება ბოლო წლებში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სისტემების განვითარება ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კლიმატური ცვლილებების ფონზე. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ღონისძიებას გარემოს ეროვნულ სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, სააგენტოს უფროსის მოადგილე, მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმოადგენელი, ირაკლი მეგრელიძე, ასევე მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე კო ბარეტი, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმოდგენლები და შესაბამისი დარგობრივი მიმართულების ქართველი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები და სასწავლო სემინარები გაიმართება, სადაც განხილული იქნება უეცარი წყალდიდობების ადრეული გაფრთხილების სისტემები, მათი მდგრადი განვითარების მიმართულებები და სამომავლო პრიორიტეტები.

აღნიშნული სისტემა მრავალ ქვეყანას ეხმარება ძლიერი ნალექებით გამოწვეული წყალმოვარდნების დროულ შეფასებასა და პროგნოზირებაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ეროვნული სამსახურების შესაძლებლობებს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად.

აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრები და სასწავლო სემინარი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გამოცდილების გაზიარებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის განხილვისთვის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გაცნობისთვის, ასევე რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 30 წელია საქართველო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წევრია, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას იყოს ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, მიიღოს თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები, ასევე, გააძლიეროს საკუთარი მეტეოროლოგიური სისტემა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.