ზიანის ანაზღაურების/ხელფასების საქმე - მთავარი სხდომა
გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმე - მთავარი სხდომა
მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ეპიზოდები - 16 ნოემბერი
2026 წლის 16 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავებთან დაკავშირებით ორი სხდომა გაიმართა.
მოსამართლე დავით აკობიძეს, მთავარი სხდომა და საქმის არსებითი განხილვა პაექრობის ეტაპიდან უნდა განეგრძო, თუმცა, მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, სხდომა გადაიდო.
მოსამართლემ მოუწოდა მხარეებს, კარგი იქნებოდა, თუკი მხარეები ამ დროს მორიგებისთვის გამოიყენებდნენ. სხდომა განუსაზღვრელი პერიოდით, მხარეთა მიერ მიმართვის დრომდე.
მანამდე, სასამართლომ მოისმინა და განიხილა „განათლების ჯგუფის“ („ბრტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის მფლობელი პარტნიორი) შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა საქმეზე მტკიცებულების სახით იმ ელექტრონული მიმოწერის დართვას, რაც 2026 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ პერიოდში ინტენსიურად ვრცელდება ქართული იურიდიული კომპანიების, ბიზნეს-სექტორის, მედიარესურსების მისამართით, განსაკუთრებულად გამოირჩევა სიძულვილის ენით და შეიცავს შეურაცხმყოფელ განსაზღვრებებს ყველა იმ იურიდიული კომპანიის, იურისტის და ადვოკატის მიმართ, ვინც ამ დავაში ნათია ჯანაშიასთან დავაში მყოფ მხარეს - „საქართველოს განათლების ჯგუფს“ წარმოადგენს. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, ეს ელექტრონული გზავნილები, საქმეების განმხილველი მოსამართლეების მიმართაც კი ანალოგიურ, სიძულვილის ენით გაჟღენთილ შინაარსს შეიცავს.
ნათია ჯანაშიას მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინიც იცნობენ წარმოდგენელ მასალებს და მათი მარწმუნებლების, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მხრიდან აქვთ მკაფიო მიღებული განმარტება, რომ მსგავსი ტიპისა და შინაარსის გზავნილებთან, მათ არაფერი აკავშირებთ.
მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ისიც გაცნობილია ამ გზავნილებს, თუმცა შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს, რამდენადაც მიიჩნევს, რომ ამ გზავნილებს კონკრეტულ საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
ამით, როგორც აღინიშნა, სხდომა შეწყდა და გადაიდო განუსაზღვრელი დროით, სასამართლოსთვის მხარეთა მიერ მისი განახლების მიმართვამდე.
16 ნოემბერს ასევე გაიმართა საკითხთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასამართლო სხდომა - მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ მთავარი სხდომა კვლავ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან განაგრძო გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებულ საქმესთან მიმართებით.
მხარეებმა წარმოადგინეს მტკიცებულები და სხდომაზე მათი დაწვრილებითი, გამოწვლილვითი განხილვა და თითოეულ მტკიცებულებასთან მიმართებით, საკუთარი არგუმენტების წარმოდგენა განაგრძეს.
მათ შორის იყო „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ვიდეო მტკიცებულება, სადაც ნათლად ჩანდა ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მიერ გამოვლენილი არანორმატიული საქციელი და ლექსიკა, რასაც ადგილი ჰქონდა 2026 წლის მარტის პარტნიორთა კრებაზე.
მხარეებმა ხანგრძლივად იკამათეს, პროცესუალურ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მაგალითად, „განათლების ჯგუფის“ მხარე აპელირებდა, რომ ნათია ჯანაშიას წარმომადგენლები, როგორც წესი, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპთან ერთად აკეთებდნენ სამართლებრივ შეფასებებს და იჭრებოდნენ საპაექრო ეტაპზე.
თავის მხრივ, ნათია ჯანაშიას წარმომადგენლები აპელირებდნენ, რომ საკუთარი პოზიციების წარმოდგენისას მათ ხელი ეშლებოდათ, რადგან მათი პროცესუალური მოწინააღმდეგეები თავიანთი რეპლიკებით თუ შეფასებებით არღვევდნენ სხდომის მიმდინარეობას.
ნათია ჯანაშიას მხარის წარმომადგენლები სასამართლოს წინაშე კვლავ აყენებდნენ საკითხს, რომ „განათლების ჯგუფის“ მხარეს მტკიცებულებათა უმრავლესობა მოტანილი აქვს სხვა მიმდინარე (დაუსრულებელი-გადაწყვეტილებადაუმდგარი) საქმეებიდან და ამიტომ მათ არ უნდა დაეყრდნოს სასამართლო - უფრო მეტიც, -ისინი უნდა ამოირიცხოს მტკიცებულებებიდან.
ისინი ასევე კვლავ სვამდნენ საკითხს, რომ მკაფიოდ გამიჯნულიყო ნათია ჯანაშია, როგორც კომპანიის დირექტორი - ნათია ჯანაშიასგან, როგორც კომპანიის პარტნიორისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა.
მხარე მიუთითებდა, რომ თუ ნათია ჯანაშიას ედავებიან, როგორც დირექტორს, რომლის მენეჯმენტის დროსაც „აკადემიას“ ზიანი მიადგა, მაშინ მას უნდა ედაონ ზარალის ანაზღაურების კუთხით და ეს საჩივრები ვერ გამოდგება კომპანიიდან მისი გარიცხვის არგუმენტებად.
ამავე კონტექსტში მათ აღნიშნეს, რომ სადავო არ არის ფაქტი, რომ ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში „აკადემიამ“ დააგენერირა 23 მილიონ 700 ათასი ლარის მოგება. შესაბამისად, მისდამი, როგორც დირექტორისადმი წარდგენილი ბრალდებები და პრეტენზიები უსაფუძვლოა.
ნათია ჯანაშიას მხარემ სასამართლოს წინაშე მორიგი შუამდგომლობა დააყენა, რომლითაც მოითხოვა გარიცხვისა და „აკადემიის“ იურისტის საქმეებთან მიმართებით, „განათლების ჯგუფის“ შესაგებელი სარჩელის განუხილველად დატოვება, რამდენადაც ამ სარჩელში ოფიციალურად რაიმე ფორმით არ ფიგურირებს დავით ცეცხლაძის სახელი, ხოლო მათი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე მას სხდომებზე განიხილავს, როგორც ნათია ჯანაშიასთან ერთად გადაწყვეტილებების მიმღებ პირს - მას კი საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება არ ეძლევა.
მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ ადგილზე განიხილა შუამდგომლობა და მისი უსაფუძვლობიდან გამომდინარე, იგი არ დააკმაყოფილა.
მხარეთა შორის ხანგრძლივი და დაძაბული კამათი გამოიწვია „განათლების ჯგუფის“ წარმომადგენელთა შენიშვნამ მოწინააღმდეგე კოლეგებისადმი, რომ ერთ კონკრეტულ, გარკვეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით მხარე მანიპულირებდა, რამდენადაც გამოკვლევის ეტაპზე მოტანილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით არ ჰქონდათ სრულად წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულება - მას სრულად არ ახლდა არსებული თანდართული ფაილ(ებ)ი. წარმოდგენილი იყო მხოლოდ ამონარიდები.
ცხარე კამათის ფონზე, სასამართლო იძულებული გახდა, საკითხთან დაკავშირებით, სხდომაზე, ადგილზევე დაეზუსტებინა საქმის რომელი კონკრეტული ტომის რომელ კონკრეტულ გვერდებზე იყო თანდართული და რა ფორმატით იყო წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულება.
განმარტებისთვის - საკითხი „აკადემიის“ კაპიტალში ოქროყანის მიწის შეტანის პერიპეტიებს ეხებოდა. „ოქროყანის მიწის“ საკითხი კი ერთ-ერთი მთავარი მომენტია მხარეთა შორის არსებულ დაპირისპირებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაჩაღებული კამათი იმდენად მძაფრ ხასიათს ატარებდა, რომ მოსამართლე იძულებული გახდა მოკლე შესვენება გამოეცხადებინა, ხოლო სხდომის განახლების შემდეგ კი დარბაზში მანდატურიც გამოჩნდა (როგორც ჩანს, მოსამართლემ, ყოველი შემთხვევისთვის, შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად, თადარიგი დაიჭირა).
სხდომის დარჩენილი ნაწილი გაცილებით მშვიდ ვითარებაში წარიმართა და საბოლოოდ, სამუშაო დროის ამოწურვის შემდგომ, ვეღარ გაგრძელდა, რამდენადაც მხარეებმა არასამუშაო საათებში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
სხდომა გადაიდო და იგი კვლავ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპიდან განახლდება.













